"დათა პაპა ჩემთვის წარმოადგენს სიმბოლოს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის", — ამ სიტყვებით ემშვიდობება ოკუპირებული ხურვალეთის მკვიდრს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. როგორც მან აღნიშნა, დათა პაპას ანდერძი ცოლისადმი, არ დატოვოს სახლი, მთელი ქვეყნის და პირველ რიგში, მთავრობისთვისაც გასათვალისწინებელია.

"ადამიანი, რომელიც ათეული წელი არ ეგუებოდა ოკუპაციას. მიუხედავად მრავალი ფიზიკური, მორალური, თუ ფსიქოლოგიური წნეხისა, შეძლო და შეინარჩუნა თავისი ქართველობა და საქართველოს სიყვარული ამ პატარა გოჯ მიწაზე", — განაცხადა გაფრინდაშვილმა.

დათა პაპას ოკუპირებულ ხურვალეთში დაკრძალავენ. პოლიტიკოსები და მოქალაქეები მის დაკრძალვაზე ხურვალეთში ჩავიდნენ. საოკუპაციო ხაზის ორივე მარეს დათა პაპას გლოვობენ.

დათა ვანიშვილი 19 მარტს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაპას ფილტვების ანთება ჰქონდა. მისი მდგომარეობა გასული წლის დეკემბერში დამძიმდა. დათა პაპას ცოლი, ვალია ვანიშვილი მაშინ ამერიკის ხმასთან სატელეფონო საუბარში ამბობდა, რომ მათთან რამდენჯერმე იყვნენ ექიმები ცხინვალიდან და ნემსი გაუკეთეს. დათა ვანიშვილის საქართველს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა ვერ მოხერხდა.

დათა ვანიშვილი არ აღიარებდა დე ფაქტო რესპუბლიკას და აცხადებდა, რომ საქართველოს მოქალაქეა და არ აპირებს საკუთარი სახლი დათმოს. ის საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ადამიანებსა თუ ვიზიტორებს მავთულხლართებიდან ეკონტაქტებოდა, რის გამოც ოკუპანტებმა არაერთხელ დააკავეს.

ნახეთ ვიდეო On.ge-ს არქივიდან:

გაიგეთ მეტი: