კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, რომლებიც ორსულ ქალზე ატარებდნენ კვლევას, მის სხეულში 109 ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ ამ ნივთიერებათაგან 55 აქამდე ადამიანის სისხლში არასდროს შეუმჩნევიათ, 42 "იდუმალი ნივთიერების" წყარო და გამოყენება კი საერთოდ უცნობია.

აღნიშნული ქიმიური ნივთიერებების წყარო, სავარაუდოდ, სამომხმარებლო პროდუქცია ან სხვა სამრეწველო წყაროებია. ისინი აღმოჩნდა როგორც ორსული ქალის, ასევე, შემდგომ მისი ახალშობილი ბავშვების სისხლშიც. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ნივთიერებების დედის ორგანიზმიდან ბავშვებსაც გადაეცემა.

კვლევა 16 მარტს ჟურნალ Environmental Science & Technology-ში გამოქვეყნდა.

"ეს ნივთიერებები, სავარაუდოდ, ადამიანების სისხლში უკვე დიდი ხნის მანძლზე არსებობს. განსხვავება ისაა, რომ ახლა ჩვენი ტექნოლოგია მეტი მათგანის ამოცნობაში გვეხმარება", — ამბობს თრეისი ვუდრაფი, მშობიარობის, გინეკოლოგიისა და რეპროდუქციული მეცნიერებების პროფესორი სან ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტში (UCSF).

"ჩვენ ვხედავთ ანთროპოგენული წარმოშობის სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც დედის ორგანიზმიდან მათ შვილებში ხვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ნივთიერებები თაობებს გადაეცემა", — დასძინა მან.

მეცნიერთა გუნდმა ადამიანის სისხლში ანთროპოგენული ქიმიური ნივთიერებების ამოსაცნობად მაღალი რეზოლუციის მასსპექტრომეტრი გამოიყენა.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქიმიური ნივთიერებების იდენტიფიცირება მეცნიერებს შეუძლიათ, აღნიშნულის დასადასტურებლად საჭიროა მათი შედარება იმ სუფთა ქიმიურ ნივთიერებებთან, რომლებსაც საწარმოები უშვებენ. ცუდი ისაა, რომ ეს ინფორმაცია ხშირად არაა ხელმისაწვდომი.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ქიმიკატების მწარმოებელმა Solvay-მ შეაჩერა წვდომა ქიმიკატების სტანდარტებზე პერფტოროქტანური მჟავას (PFAS) ნაერთისთვის, რომელიც ეტაპობრივად გამოყოფილი PFAS ნაერთების ჩასანაცვლებლად იქმნება. მკვლევრები ამ სტანდარტს იყენებდნენ მისი ტოქსიკურობის შესაფასებლად.

"ახალი ტექნოლოგიები იმედისმომცემია, რადგან ისინი საშუალებას გვაძლევს, ამოვიცნოთ უცხო ქიმიური ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში. თუმცა, ჩვენი კვლევა იმასაც ნათელს ხდის, რომ მწარმოებლებმა აუცილებლად უნდა მოგვაწოდონ საჭირო ინფორმაცია, რათა შევძლოთ ორგანიზმში ამ ნივთიერებების შემცველობის დადასტურება და მათი ტოქსიკურობის შეფასება", — ამბობს კვლევის მთავარი თანაავტორი, დიმიტრი პანაგოპალოს აბრაამსონი, პოსტდოქტორული მკვლევარი UCSF-ში.

109 ქიმიური ნივთიერება, რომლებიც მკვლევრებმა ორსული ქალისა და მისი ახალშობილი შვილების სისხლის ნიმუშებში აღმოაჩინეს, ბევრ სხვადასხვა ტიპის პროდუქტში გამოიყენება. მაგალითად, 40 მათგანს იყენებენ პლასტიფიკატორად (ნივთიერება, რომელიც შეყავთ პოლიმერებში მათთვის ელასტიურობის მისანიჭებლად), 28 მათგანი გამოიყენება კოსმეტიკაში, 25 — სამომხმარებლო პროდუქტებში, 29 — ფარმაცევტულ საშუალებებში, 23 — პესტიციდებში, 3 — ალის შემაკავებელს წარმოადგენს, 7 — PFAS-ის შენაერთია, რომლებსაც ხალიჩებისა თუ გადასაკრავი მასალის წარმოებისთვის იყენებენ. მკვლევრებმა ისიც აღნიშნეს, რომ ამ ნივთიერებებს, შესაძლოა, სხვა გამოყენებაც ჰქონდეთ.

მკვლევრები ამბობენ, რომ აღნიშნული 109 ნივთიერებიდან, ადამიანის ორგანიზმში 55 მათგანი არასდროს აღმოუჩენიათ.

55 ნივთიერებიდან, 1 მათგანი გამოიყენება პესტიციდებში, 2 — PFAS-ის პროდუქტია, რომელიც, სავარაუდოდ, წყალგაუმტარი ქსოვილების დასამზადებლად გამოიყენება, 10 მათგანი პლასტიფიკატორია, 2 — კოსმეტიკაში გამოიყენება, 37 მათგანის წყაროსა და გამოყენების შესახებ ინფორმაცია მეცნიერებს თითქმის არ აქვთ.

"შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ არ შეგვიძლია ადამიანის სისხლში აღმოჩენილი ამდენი ნივთიერების წყაროსა და გამოყენების შესახებ ინფორმაციის მოპოვება", — ამბობს ვუდრაფი. "EPA-მ (გარემოსდაცვითი სააგენტო) ქიმიკატების მწარმოებლებს უნდა მოსთხოვოს აღნიშნული ნივთიერებების შემადგენლობისა და გამოყენების შესახებ ინფორმაციის უზრუნველყოფა. მათ ასევე უნდა გამოიყენონ თავისი ავტორიტეტი და აკრძალონ ბაზარზე რისკის შემცველი ნივთიერებები და დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ადეკვატურ ინფორმაციას მივიღებთ პოტენციური ჯანმრთელობის რისკების შესაფასებლად".