სანამ სოციალურ ქსელებში ვინმეს გამოიწერთ, ან დაეკონტაქტებით, ჯობს დარწმუნდეთ, რომ იგი ნამდვილი ანგარიშია და მის უკან თაღლითი არ იმალება, რომელიც deepfake-ს იყენებს. სწორედ ასე მოხდა @azusagakuyuki-ს შემთხვევაში, რომელმაც თავისი გამომწერები მოატყუა და მათ თავი ახალგაზრდა ბაიკერ გოგოდ მოაჩვენა, სინამდვილეში კი 50 წლის იაპონელი კაცი, ზონგუ აღმოჩნდა, რომელიც, BBC-ს მიხედვით, deepfake-ს იყენებდა.

ზონგუმ თაღლითობის ამბავი იაპონურ სატელევიზიო გადაცემაში გამოამჟღავნა და განაცხადა, რომ მან პერსონაჟის შესაქმნელად Faceapp აპლიკაცია და სხვა პროგრამები გამოიყენა. ქვემოთ მოყვანილ სურათზე მარცხნივ მის მიერ პროგრამებით შექმნილი ადამიანია, მარჯვნივ კი თვითონ ზონგუ.

ფოტო: futurism.com

50 წლის კაცმა გადაცემაში განმარტა, რომ ადრე, როდესაც იგი თავის ნამდვილ ანგარიშს იყენებდა, მას არავინ აქცევდა ყურადღებას.

"არავის აინტერესებს, თუ რას წერს ჩვეულებრივი შუა ხნის კაცი, რომელიც თავისი მოტოციკლეტით იღებს ფოტოებს", — თქვა ზონგუმ გადაცემაში.

სწორედ ამ დროს გადაწყვიტა მან DeepFake-ს გამოყენება თავისი გარეგნობის შესაცვლელად.

"თავიდან ეს უბრალო მცდელობა იყო, შემდეგ კი ძალიან ლამაზი გამომივიდა. ვცდილობდი ყოველ ეტაპზე უფრო საყვარელი პერსონაჟი შემექმნა და ამან ძალიან გამიტაცა. ახლა ჩემს პოსტებს ათასი ლაიქი მაინც აქვს, როცა ადრე ათიც კი არ ჰქონდათ", — დაამატა მან.

თუმცა, ამ აღიარებას ზონგუს გამომწერებზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. გადაცემის შემდეგ მათი რიცხვი 19 000-დან 24 000-მდე გაიზარდა.

ეს კი კიდევ ერთ შესანიშნავ და ცოტა შემაშფოთებელ მაგალითს წარმოადგენს იმისა, თუ რისი გაკეთება შეიძლება deepfake ტექნოლოგიებით. მიუხედავად იმისა, რომ ზონგუს ქმედება შედარებით უვნებელი იყო, ხშირად ტექნოლოგიებს საკმაოდ დიდი ზიანის მოტანა შეუძლიათ, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ისინი ცუდ ხელში აღმოჩნდებიან.