აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში თავისი ახალი პლატფორმით დაბრუნდება. ამის შესახებ მისმა უფროსმა მრჩეველმა ჯეისონ მილერმა Fox News-ს განუცხადა. მილერის თქმით, ეს ორ-სამ თვეში მოხდება.

"მგონია, რომ ეს თამაშის წესებს შეცვლის. ყველა მოლოდინში იქნება და ნახავს, რას იზამს პრეზიდენტი ტრამპი. ამასთან, ეს მისი პლატფორმა იქნება", — აღნიშნა უფროსმა მრჩეველმა.

მილერმა დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრები გამართა. მისივე თქმით, ეს დიდი პლატფორმა იქნება, რომელიც ათობით მილიონ ადამიანს მოიზიდავს.

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელებში იანვარში დაბლოკეს, როცა მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.

თავდაპირველად ყოფილი პრეზიდენტი 12 საათით ტვიტერმა დაბლოკა, რადგან შეჭრილ ადამიანებს "პატრიოტები უწოდა". დაბრუნებისა და გაფრთხილების შემდეგ ტრამპის რამდენიმე ტვიტში კვლავ ძალადობის გამამართლებელი მესიჯები ამოიკითხეს, რის გამოც სოციალურმა ქსელმა ის სამუდამოდ დაბლოკა.

ყოფილი პრეზიდენტი დაბლოკილია Facebook-სა და Instagram-ზე, ასევე, Twitch-სა და Snapchat-ზე.