საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, ნატალია საბანაძეს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობა დაეტოვებინა ასოცირების საბჭოს შემდეგ.

"უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც მ.წ. 16 მარტს გაიმართა.

მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროკავშირთან, რომელიც 2019 წლის შემდგომ პანდემიის ფონზე პირველად გაიმართა და ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა თავისი შედეგებით", — ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყება მადლობას უხდის საბანაძეს 8 წლის განმავლობაში ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელად მუშაობისთვის.

"აღნიშნულ მისიაში მისი მოღვაწეობა დატვირთული იყო მრავალი წარმატებული ნაბიჯით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში", — აცხადებენ სამინისტროში.

ნატალია საბანაძემ, თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა. მისი თქმით, გადადგომის მიუხედავად, ყოველთვის იბრძოლებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის. სწორედ ამ განცხადების გამო ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი, საბანაძის გადადგომას ქართული ოცნების მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას უკავშირებს.

გაიგეთ მეტი: