კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, აუცილებელია კომენდანტის საათი მოიხსნას, რადგან იგი აბრკოლებს ბიზნესს და ბევრ სხვა სფეროს.

"რეგულაციები უნდა არსებობდეს, მაგრამ არ უნდა არსებობდეს ეს გაურკვეველი კომენდანტი, თავისი გაყიდული საშვებით. იმ ადამიანებს გაუშრეს სისხლი, იმ მშრომელებს, რომლებიც გამოდიან სამსახურებიდან, ვერ ასწრებენ სახლებში, ათასი პრობლემა ექმნებათ. პაციენტებს ექმნებათ პრობლემები", — განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.

საქართველოს დიდ ქალაქებში ღამის საათებში გადაადგილება 2020 წლის 9 ნოემბრიდან შეიზღუდა. 24 თებერვალს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთი რეგულაციის მოხსნა დააანონსა. მიუხედავად ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, კვლავ ძალაში დარჩა კომენდანტის საათი. მოქალაქეებმა არაერთხელ მოითხოვეს მისი გაუქმება, ამასთან, ინფორმაციული თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, IDFI-მ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.