ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებები ჩიხში ქართული ოცნების პოზიციების გამო შევიდა. სამადაშვილი თვლის, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად აუცილებელია მმართველმა პარტიამ საკუთარი პოზიციები გადასინჯოს.

"შეთანხმების მიღწევა არის ორივე მხარის პასუხისმგებლობის საკითხი, საბოლოოდ, მაგრამ, ამ ეტაპზე, შემიძლია ვთქვა, რამდენადაც მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა ქართული ოცნების მიერ დაფიქსირებული პოზიციების გამო, ანუ, წინ პროცესი ვეღარ წავიდა, შესაბამისად, დიახ, ამ ეტაპზე, მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების მიერ საკუთარი პოზიციების გადასინჯვა არის აუცილებელი იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს. ამის გარეშე ჩვენ პროგრესს ვერ მივაღწევთ", — განაცხადა სამადაშვილმა რუსთავი 2-თან საუბარში.

18 მარტს, ევროკავშირის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის ბოლო მოლაპარაკება გაიმართა. 10-საათიანი შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა განაცხადა, რომ საბოლოო შეთანხმება ვერ მოხერხდა და მედიატორმა დღეს ბრიუსელში გაემგზავრა.

კრისტიან დანიელსონი არის შვედი დიპლომატი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი დავალებით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციისთვის საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.

14 მარტი იყო დანიელსონის ვიზიტის ბოლო დღე საქართველოში, თუმცა, პარტიებთან შეხვედრების შემდეგ მან განაცხადა, რომ გამგზავრება ერთი დღით გადადო. მისი თქმით, იმედოვნებდა, რომ მხარეები მიაღწევდნენ შეთანხმებას, თუმცა რადგან ეს ვერ მოხერხდა, დარჩა საქართველოში.

15 მარტს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან მორიგი შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ დანიელსონი საქართველოში დარჩება იქამდე, სანამ შეთანხმებას არ მიაღწევენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოლაპარაკება არ შედგა, დანიელსონი კი უკვე გაემგზავრა ბრიუსელში.

გაიგეთ მეტი: