ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა და ბელგიასა და ლუქსემბურუგში საქართველოს ელჩმა, ნატალია საბანაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

"ეს იყო მისია სავსე წარმატებებით, ისევე როგორც გამოწვევებით — პროფესიული თუ მორალური. დღეს მოვიდა დრო რომ მე ეს ფურცელი გადავშალო. მივიღე გადაწყვეტილება დამეწერა განცხადება გადადგომის თაობაზე, რომელიც მინისტრმა დააკმაყოფილა", — წერს საბანაძე.

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანას თავისუფლებასა და ღირსებას შეუნარჩუნებს.

"საქართველოს ევროპული მომავალი არის ის მიზანი რომლის მისაღწევად ყოველთვის ვიბრძოლებ. მე მჯერა ამ მიზნის; მჯერა იმიტომ კი არა რომ ევროკავშირის წევრობა პანაცეაა, არამედ იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გზა რომელიც თავისუფლებას და ღირსებას შეგვინარჩუნებს", — აცხადებს საბანაძე.

რამდენიმე დღის წინ, პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა, მათ შორის, ბელგიის პრემიერმინისტრთან, ალექსანდერ დე კროსთან.

ბრიუსელში ვიზიტის მიზანი, ასოცირების საბჭოს სხდომის გარდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრა იყო. ღარიბაშვილს მიშელისთვის ოპოზიციასთან მოლაპარაკების შედეგები უნდა გაეცნო, რომელიც იმ 6 პუნქტის ირგვლივ მიმდინარეობდა, რომელიც თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეიმუშავა.

მოლაპარაკებების მედიაციისთვის მიშელმა საქართველოში პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოაგზავნა. იგი საქართველოში 15 მარტამდე, ღარიბაშვილის ბრიუსელში გამგზავრებამდე უნდა დარჩენილიყო, თუმცა, იმის გამო, რომ შეთანხმება ვერ შედგა, მან ვიზიტი გაახანგრძლივა.

14 მარტს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში, ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი მხოლოდ ოპოზიცია".

კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა, ისე, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა.

ნატალი საბანაძე ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელად, 2013 წლის მაისში დაინიშნა.

იქამდე, საბანაძე ჰააგაში, ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, ეუთო-ს უმაღლესი კომისრის უფროს მრჩევლად მუშაობდა. ასევე, ეუთო-ს უმაღლესი კომისრის კაბინეტში სხვადასხვა თანამდებობებზე — ჯერ ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების უფროსად, ხოლო, შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსად.