კორონავირუსის პანდემიის რისკის გამო ტოკიოს ოლიმპიადას საერთაშორისო მაყურებელი ვერ დაესწრება. ამის შესახებ ტოკიოს ოლიმპიადისა და პარაოლიმპიადის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

ტოკიოს ოლიმპიადა ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო ერთი წლით გადადეს. ოლიმპიადა 23 ივლისს უნდა დაიწყოს, ერთ თვეში კი მას პარაოლიმპიადა მოყვება. მათ ვისაც ბილეთები უკვე ნაყიდი აქვთ, საფასურს დაუბრუნებენ.

ოლიმპიადის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ იაპონიასა და სხვა ქვეყნებში კოვიდის კუთხით რთული ვითარებაა, მგზავრობებზე გლობალური შეზღუდვებია დაწესებული და ახალი შტამებიც გაჩნდა.

ოლიმპიადის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი ამბობს, რომ აღნიშნული ნაბიჯი ყველასთვის დიდი მსხვერპლია.

"ჩვენ ვიზიარებთ ოლიმპიური თამაშების გულშემატკივრების, ასევე, სპორტსმენების ოჯახებისა და მეგობრების იმედგაცრუებას, რომლებიც თამაშებზე ჩამოსვლას აპირებდნენ. გულწრფელად ვწუხვარ ამის გამო", — განაცხადა თომას ბახმა.

პარაოლიმპიური საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი, ენდრიუ პარსონი ამბობს, რომ რთული გადაწყვეტილებები უსაფრთხოების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე უნდა იქნას მიღებული.

როგორც BBC წერს, ოლიმპიადიდან გულშემატკივრების გამორიცხვა კიდევ ერთი დიდი ფინანსური დარტყმაა. კოვიდთან დაკავშირებული ღონისძიებების გამო თამაშების ღირებულება უკვე გაიზარდა 2,8 მილიარდ დოლარამდე.