დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე წუთის წინ, ჯონსოსის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა.

"აცრა არის საუკეთესო, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ისეთ ცხოვრებას, რომელიც ძალიან გვენატრება", — წერს ჯონსონი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

AstraZeneca-ს ვაქცინით საჯაროდ აიცრა საფრანგეთის პრემიერმინისტრი, ჟან კასტექსიც.

ევროკავშირის სამედიცინო რეგულატორის დასკვნით, Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება უსაფრთხო და ეფექტიანია. მისგან მიღებული სარგებელი კი უფრო მეტია, ვიდრე რისკი. ევროკავშირის სამედიცინო რეგულატორმა ეს დასკვნა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ევროკავშირის 13-მა ქვეყანამ ვაქცინის გამოყენება თრომბოემბოლიასთან დაკავშირებული შიშების გამო შეაჩერა.

სამედიცინო რეგულატორმა დაასკვნა, რომ ვაქცინა არაა დაკავშირებული თრომბის რისკების მომატებასთან, თუმცა განაცხადეს, რომ მსგავსი კავშირების შესახებ მოკვლევა კვლავ გაგრძელდება.

რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც მოუწოდა ქვეყნებს, არ შეეწყვიტათ AstraZeneca-თი ვაქცინაცია და დაადასტურა, რომ ის სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს არ იწვევს. AstraZeneca-ს განცხადებაში კი, 17 მილიონი ადამიანის მონაცემებზე დაყრნობით, ნათქვამია, რომ არ დასტურდება ფილტვის თრომბოემბოლიის, ღრმა ვენის თრომბოზისა თუ თრომბოციტოფენიის კავშირი ამ ვაქცინასთან, არც ერთ ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფში.