მოზაიკას საბჭოთა კავშირში ყველგან შეხვდებოდით: სამთავრობო შენობებზე, საცხოვრებელ კორპუსებზე, მატარებლის სადგურებსა თუ უზარმაზარ ქარხნებზე. პატარა, ფერადი ნატეხებისგან შემდგარი კომპოზიციები 1930 წლიდან მოყოლებული იმ მშვენიერ ცხოვრებასა და ნათელ მომავალს გადმოგვცემდნენ, რომელსაც საბჭოთა კავშირის სოციალისტური რესპუბლიკები აშენებდნენ "ხალხისათვის ხალხისვე დახმარებით". დრო გადის და მოზაიკებიც თანდათან ხუნდება, როგორც წარსული ცხოვრების მოგონებები.

მოზაიკა ქუთაისის ელექტრომექანიკური ქარხნის გარე კედელზე გვაჩვენებს მუშებს, რომლებიც იმ დროისათვის თანამედროვე ტექნოლოგიას ქმნიდნენ. ქარხანა ძირითადად ნავთობის სატუმბ ტექნიკას აწარმოებდა. ფასადმა 1990-იანი წლებიდან ჩამოშლა დაიწყო.

მოზაიკებით შენობების მოპირკეთება პირველად მოსკოვის მეტროში დაიწყო, 1930-იან წლებში, და 1960-იანი წლებისთვის უკვე მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გავრცელდა: სკოლების შენობებიდან პიონერები გვიღიმოდნენ, ქარხნების კედლებზე კი კუშტი საბჭოთა მუშები შრომობდნენ.

საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილი პროგრესის აღწერა არა მხოლოდ ქარხნის კედლებზე, არამედ ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსის გარე ფასადზეც ხდებოდა. მაგალითად, ქუთაისში ერთი ჩვეულებრივი შენობის ფასადზე ასეთ მოზაიკას იხილავთ.

ჩაქუჩი და ნამგალი თითქმის ყველა მოზაიკაში ჩანს, როგორც ცალკე მდგომი სიმბოლო ან როგორც კომპოზიციის ნაწილი.

მოზაიკებს ყველა ქვეყანაში საერთო თემა ჰქონდა, ბალტიისპირეთიდან დაწყებული, ყირგიზეთამდე. თუმცა ზოგჯერ ნახატები კონკრეტული ქვეყნისთვისაც იქმნებოდა. მაგალითად, ამ მოზაიკაზე, რომელიც მახინჯაურის საჯარო სკოლის კედელზეა ასახული, ქართველი მოსწავლეები არიან გამოსახული.

რადიშ თორდია, თავისი თაობის გამოჩენილი ხელოვანი, მეტროსადგურ ტექნიკური უნივერსიტეტის კომპოზიციის ერთ-ერთი ავტორია. ეს მოზაიკა 1979 წელს შეიქმნა და მას შემდეგ რადიშ თოდრიას სხვა მოზაიკაზე აღარ უმუშავია. 80 წლის ხელოვანს დღემდე შენახული აქვს მონახაზები. "გრძელი, ბიუროკრატიული პროცესი იყო," - იხსენებს თორდია.

როდესაც ჩემი ჩანახატები ხელოვანთა საბჭოს წარვუდგინე, თავმჯდომარეს არ მოეწონა იდეები და მითხრა, რომ მუშტი, თოფი და შუბი დამეხატა იმისათვის, რომ უფრო რევოლუციური ნახატი გამოსულიყო. ეს მეტროსადგური პოლიტექნიკურ უნივერსიტეტსა და პარკს შორის იყო, ეს ყველაფერი კი რევოლუციური იდეებისგან შორს იდგა, ამიტომ ამ დეტალების განვითარებაზე უარი ვთქვი. თანაც, ქვედა რგოლებში უკვე დამტკიცებული იყო პირველადი ჩანაფიქრი.

ტექნიკური მეტროსადგურის გაფორმება უნიკალურია, რადგან მოზაიკისა და სმალტის სკულპტურების ნაზავია. თორდია ჩანაფიქრის სრულყოფაზე იდენ ტაბიძესა და აპოლონ ხარებავასთან ერთად მუშაობდა.

ფერადი ფრაგმენტები მოსკოვიდან ჩამოტანილი სმალტითაა გაკეთებული. თუმცა ჩვენ მხოლოდ 9 ფერი გამოგვიგზავნეს, ნახატს კი ბევრად მეტი სჭირდებოდა. ახალი ფერები გადადნობით მივიღეთ და საბოლოოდ 28 ფერი შევქმენით.

ათასობით ფეხით მოსიარულე ისე ჩაუვლის გვერდს მოზაიკას, რომ არც კი გაიხედავს მისკენ. ავტორს აღელვებს ის საკითხი, რომ პანოს შესაბამისად არ ანათებენ და კაშკაშა ფერებს მტვრის სქელი ფენა ადევს.

ძალიან ვეცადე, უამრავ ადამიანს ვთხოვე, რომ დამხმარებოდნენ და ჩემი მოზაიკა ისე გამენათებინა, როგორც ჩაფიქრებული მქონდა, თუმცა ამაოდ.

41 წლის ნინი ფალავანდიშვილი ათეულობით წელია, საბჭოთა ხელოვნებას სწავლობს. ნინიმ სხვა მოყვარულებთან ერთად Google Maps-ზე საქართველოს მოზაიკების რუკის მონაცემთა ბაზა შექმნა. მისი აზრით, მოზაიკა საბჭოთა კავშირში ქუჩის ხელოვნების ეკვივალენტი იყო.

ეს საბჭოთა კავშირის ქუჩის ხელოვნება იყო და საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. ძნელია იმის თქმა, რატომ გახდა 1960-80 წლებში მოზაიკა ფასადის გაფორმების ჩვეული ფორმა.

მოზაიკები ხშირად ასახავდნენ რელიგიურ და ისტორიულ სცენებს.

ეს დეკორატიული კედელი ორთაჭალაში შუა საუკუნეების ნადირობას გადმოგვცემს.

ფალავანდიშვილის აზრით, საბჭოთა მოზაიკა ყოველთვის პროპაგანდა არ იყო:

პროპაგანდას არ ვიხმარდი ამ ხელოვნების აღსაწერად. უბრალოდ ისეთი დრო იყო, რომ იდეის დასამტკიცებლად უამრავი განყოფილება უნდა გაგევლო, მოზაიკა კი კარგი შანსი იყო ხელოვანისთვის შემოსავლის მისაღებად.

ზოგ შემთხვევაში შენობის დაგეგმვისთანავე იყო გათვალისწინებული მოზაიკის ფასადი. მაგალითად, სავაჭრო კულტურის ცენტრისა და ლაგუნა ვერეს საცურაო აუზის შემთხვევაში. ორივე ჯერზე უზარმაზარი ფასადური მოზაიკა თავიდანვე იყო ჩაფიქრებული.

ფალავანდიშვილის აზრით, ამ შემთხვევაში მოზაიკა და არქიტექტურა ერთმანეთს ერწყმის და ორგანულ სტრუქტურას ვიღებთ. იქ, სადაც მოზაიკა მოგვიანებითაა დამატებული, საბოლოო შედეგი იმდენად მომხიბვლელი ან შინაარსიანი არ არის.

თბილისის ტელეგადამცემი ანძის ქვეშ ფალავანდიშვილის ერთ-ერთი საყვარელი მოზაიკაა.

დღეისთვის მოზაიკების უმრავლესობა სავალალო მდგომარეობაშია.

ეს ხელოვნების სათუთი ნიმუშია. თუ ნატეხი ჩამოვარდება, ირგვლივ სხვებიც მიჰყვება და ცოტა ხანში სურათის აღდგენა შეუძლებელი გახდება. ამის მაგალითი ხშირად გვქონია, თუმცა მთავრობა მოზაიკების შესანარჩუნებლად არაფერს აკეთებს. არადა ეს ჩვენი წარსულია, საბჭოთა საქართველოს ხელოვნება.

ბათუმის დელფინარიუმი

ბიზნეს ცენტრი აღმაშენებლის გამზირზე, თბილისი

რვაფეხა, ბათუმში წარსულში არსებული კაფე

რვაფეხა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოზაიკური კონსტრუქციაა. ის ქართველმა არქიტექტორმა, გიორგი ჩახავამ და მხატვარმა ზურაბ კაპანაძემ დააპროექტეს. მის აგებაზე კი პროფესიონალები მუშაობდნენ, მაგალითად, გზების ინჟინერი პაატა დობორჯგინიძე. ეს მშენებლობა ბათუმის ბულვარში 1975 წელს დასრულდა. ქანდაკება რვა ფეხზე დგას და რვა თაღისებური შესასვლელი აქვს.

შენობის ძირითადი სტრუქტურა სპეციალური ლითონის ხელით გაღუნვით შეიქმნა, შემდეგ კი თხევადი შუშით შეივსო. ექსტერიერი ფერადი ნატეხებითა და ზღვისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ფორმებით შეივსო.

2014 წელს საზოგადოება რვაფეხას დასაცავად გაერთიანდა. ფალავანდიშვილი ამ ადამიანებს შორის ერთ-ერთი იყო. მან კაფე "ფანტაზიის" წარსული დღეების ამსახველი გამოფენა მოაწყო. ნაგებობა გადარჩა, მაგრამ მისი რეკონსტრუქცია მაინც არ მომხდარა.