საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურის თანამშრომლებმა გუდაურში, თოვლის მასაში მოყოლილი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, 112-ზე მიიღეს ინფორმაცია, რომ გუდაურის მიმდებარედ მოქალაქე სრიალებდა გაუკვალავ თოვლში და ახლობლები ვერ ახერხებდნენ მის პოვნას.

"ახლობლების მიერ მითითებულ ადგილზე მაშველებმა იპოვნეს რამდენიმე მცირე ზომის ზვავი და დაიწყეს საძიებო სამუშაოები სამსახურის კინოლოგებთან ერთად. პროცესში, ასევე, ჩართულები იყვნენ სამთო კურორტების განვითარების კომპანიის მაშველები", — ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდაცვლილი მოქალაქის ცხედარი უკვე ნაპოვნია და ამოყვანილია თოვლიდან.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური