ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებას ითხოვენ. აღნიშნულზე ინფორმაცია აქიმიძისა და დვალის ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ On.ge-ს დაუდასტურა.

"ჩვენ 2019 წელს შევიტანეთ სარჩელი და მაშინ დავაყადაღეთ რუსთავი 2-ის 60% წილი, თუმცა ჩვენს მიერ არ არის დაყადაღებული რუსთავი 2-ის უძრავი და მოძრავი ქონებამ. დღეს რადგან ვრცელდება ინფორმაცია რუსთავი 2-ის შესაძლო გასხვისების, ჰოლდინგური კომპანიის შექმნის და ა.შ. ცხადია არსებობს მაღალი ალბათობა, რომ გადაეცეს ეს უძრავ-მოძრავი ქონება ახალ შექმნილ კომპანიას, ან ზოგადად, გაყიდონ და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მოდის აქიმიძისა და დვალის ინტერესებთან იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან, როდესაც მათ ეს წილი დაუბრუნდებათ, ამ წილს შეიძლება აღარ ჰქონდეს ის ღირებულება, რაც დღეს აქვს, ამიტომ ჩვენი სასარჩელო მოთხოვნის გარანტირება გვინდა იმ კუთხით, რომ არ მოხდეს აქტივების გასხვისება და ამ წილს ჰქონდეს შესაბამისი ღირებულება. სწორედ ამიტომ რამდენიმე დღის წინ მივმართეთ საქალაქო სასამართლოს, მოვითხოვეთ უძრავ და მოძრავ ქონებაზე გარკვეული შეზღუდვების, მათ შორის გასხვისების აკრძალვის დაწესება, დირექტორის გარკვეული უფლებამოსილების შეზღუდვის დაწესება, მოვითხოვეთ ზუსტად ის, რასაც ითხოვდა ხალვაში 2015 წელს შეტანილი სარჩელით და უზრუნველყოფის ღონისძიებით, მაგრამ განსხვავებული მიდგომა მივიღეთ სასამართლოსგან. თუ მაშინ ხალვაშის ზუსტად იდენტური მოთხოვნა დააკმაყოფილა, ჩვენ ავდექით და სასამართლომ რაც დააკმაყოფილა, იმის ასლი გადმოვიტანეთ ჩვენს მოთხოვნაში და ჩვენ მივიღეთ უარი. ეს არის კლასიკური მაგალითი შერჩევითი სამართლის", — აცხადებს კოჟორიძე.

რუსთავი 2-ის საქმე

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს 2004-2006 წლებში ფლობდა, დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად 2015 წლის აგვისტოში წამოიწყო და ეს საქმე საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში 20 თვეში მოიგო. უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით არხი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

2004 წლის ზაფხულში, ხალვაშმა რუსთავი 2-ის 10%-იანი წილი ნიკა ტაბატაძისგან შეიძინა, 30%-იანი ეროსი კიწმარიშვილისგან და 60%-იანი ვინმე პაატა კარსანიძისგან. კარსანიძეს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტი, მას შემდეგ ჩაუვარდა ხელში, რაც ხელისუფლების ზეწოლით, თავიანთი 30-30%-იანი წილები, ტელევიზიის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ იძულებით გადაუფორმეს.

ხალვაში ტელეკომპანიას ორი წლის მანძილზე მართავდა. 2006 წელს, სააკაშვილსა და ოქრუაშვილის შორის მომხდარი ცნობილი დაპირისპირების შემდეგ, მას სხვა ბიზნესებთან ერთად რუსთავი 2-იც ჩამოართვეს. საბოლოოდ, 2011 წელს, კომპანიის მფლობელები შპს საქართველო და ყარამანიშვილები გახდნენ.

2016-2017 წლებში, საქართველოს სასამართლოებში გამარჯვების შემდეგ, ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 50%-ს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემს, როგორც წინა ხელისუფლებისგან დაზარალებულ აქციონერებს. მან დვალს ტელეკომპანიის დირექტორობაც შესთავაზა. თუმცა, ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, დვალმა განაცხადა, რომ ის რუსთავი 2-ში ცენზორად არ დაბრუნდება და ხელისუფლების მორჩილი, პარტიული ტელევიზიის წილები მას არ აინტერესებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია და საქართველოს სასამართლოებმა ყველა ინსტანციაზე კანონიერი გადაწყვეტილება მიიღეს. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმი. ამ მექანიზმით, 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილები ვერ გადაიფორმა.