პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ცალკეული ოპოზიციური პარტიები მზად იყვნენ ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიეღოთ, თუ მოლაპარაკების მაგიდასთან მათთვის მისაღები პირობა გაჟღერდებოდა.

"იქ იყვნენ სხვადასხვა, ოპოზიციის წარმოამადგენლები, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ [...] მაგალითად, თუ იქნებოდა ისეთი პირობა დაწერილი, რომელიც მათთვის იქნებოდა მისაღები, ისინი ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მისაღებად იყვნენ მზად", — განაცხადა მეგრელიშვილმა იმედთან საუბარში.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ შედიოდა ამ პარტიებში სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო ან რესპუბლიკური პარტია, მეგრელიშვილმა უპასუხა — "ნაწილი გამოიცანით".

გუშინ, ევროკავშირის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის ბოლო მოლაპარაკება გაიმართა. 10-საათიანი შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა განაცხადა, რომ საბოლოო შეთანხმება ვერ მოხერხდა და მედიატორმა დღეს ბრიუსელში გაემგზავრა.

მოლაპარაკებების პარალელურად, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, რომელმაც გუშინ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა, გაავრცელა რამდენიმე დეტალი, რომელიც მისი თქმით, მაგიდასთან განიხილებოდა. ნათელაშვილი ამტკიცებს, რომ მათ მიაწოდეს დოკუმენტები, რომლის პრეამბულაშივე ეწერა, რომ პარლამენტში უნდა შესულიყვნენ და არჩევნები 2024-ში ჩატარდებოდა. მისივე თქმით, სთავაზობდნენ 5 კომიტეტის თავმჯდომარეობას და 2 საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელობას.

კრისტიან დანიელსონი არის შვედი დიპლომატი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი დავალებით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციისთვის საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.

14 მარტი იყო დანიელსონის ვიზიტის ბოლო დღე საქართველოში, თუმცა, პარტიებთან შეხვედრების შემდეგ მან განაცხადა, რომ გამგზავრება ერთი დღით გადადო. მისი თქმით, იმედოვნებდა, რომ მხარეები მიაღწევდნენ შეთანხმებას, თუმცა რადგან ეს ვერ მოხერხდა, დარჩა საქართველოში.

15 მარტს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან მორიგი შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ დანიელსონი საქართველოში დარჩება იქამდე, სანამ შეთანხმებას არ მიაღწევენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოლაპარაკება არ შედგა, დანიელსონი კი უკვე გაემგზავრა ბრიუსელში.

გაიგეთ მეტი: