გასულ წელს, ფეისბუქმა Project Aria წარმოგვიდგინა, კვლევითი პროექტი, რომელიც მათ გაფართოებული რეალობისათვის განკუთვნილი სათვალეების შექმნაში დაეხმარება. ახლა კი კომპანიამ ახალი კონცეპტი გვანახა. ეს არის ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენია ფეისბუქს გაფართოებული რეალობის განვითარება. ერთი სამაჯურითა და ნერვული სიგნალების დახმარებით, ფაქტობრივად ფიქრით, ჩვენ შევძლებთ ყველაფრის გაკეთებას რასაც სმარტფონის საშუალებით ვაკეთებთ.

Facebook-ის Reality Labs-ის მკვლევრების თქმით, მათი იდეა ელექტრომიმოგრაფიის ტექნოლოგიას ეფუძნება, რომელსაც მაჯის გავლით, ნერვული სიგნალების აღქმა შეუძლია. სამაჯურს სიგნალების ბრძანებებად გარდაქმნა შეეძლება, რაც სხვა მოწყობილობის ან გაფართოებული რეალობის მართვის საშუალებას მხოლოდ ხელის მოძრაობითა და ფიქრით მოგვცემს.

"ეს აზრების წაკითხვას არ ჰგავს" — განმარტავს ფეისბუქი თავის ბლოგში. "ამ ყველაფერს ასე შეხედეთ — თქვენ იღებთ ბევრ ფოტოს და შემდედ ირჩევთ რამდენიმეს, რომლის გაზიარებაც გსურთ. მსგავსად ამისა, ჩვენ თავში ბევრი აზრი გვიტრიალებს, თუმცა მხოლოდ ზოგიერთს ვანხორციელებთ. როდესაც ეს ხდება, ტვინი უგზავნის სიგნალს ხელებსა და თითებს, რომ კონკრეტული მიმართულებით ამოძრავდნენ, რათა გარკვეული მოძრაობა შეასრულონ. სწორედ ამ სიგნალებს გაშიფრავს სამაჯური და მათ ჩვენი მოწყობილობისათვის განკუთვნილ ბრძანებებად გადათარგმნის."

ფეისბუქის თქმით, ამ სისტემის გამოყენების უპირატესობა ისაა, რომ ელექტრომიმოგრაფიის მეშვეობით თითების მოძრაობის დადგენა უზუსტესად, მილიმეტრების სიზუსტით შეიძლება, თუმცა რიგ შემთხვევებში თითის გამოძრავებაც კი არ იქნება საჭირო და გარკვეული მოქმედებების შესასრულებლად. ამისთვის უბრალოდ გაფიქრებაც კი საკმარისი იქნება.