17 მარტს ფორუმზე გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზის ფერდობზე ნაპრალები გაჩნდა. მანამდე, დილით თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდებოდა. კალაძეს არ უთქვამს ზუსტად როდის დაიწყო ეს პროცესები, თუმცა აღნიშნა, რომ დამეწყრილი უბნის შესწავლაში მერიის სამსახურებთან ერთად, შესაბამისი უწყებების სპეციალისტები უკვე ჩართულნი იყვნენ.

თბილისის მერმა თქვა ისიც, რომ მეწყერი აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებული სხვადასხვა აქტივობის გამო განვითარდა. მას არ დაუკონკრეტებია რა "აქტივობას" გულისხმობდა, თუმცა ამაზე კითხვები გაჩნდა საზოგადოებაში. On.ge მიმდინარე მეწყრული პროცესის შესახებ სპეციალისტებს ესაუბრა.

როდის დაიწყო პროცესი?

პროცესი რამდენიმე დღის ან კვირის დაწყებული არ არისო, ამბობენ სპეციალისტები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა სუხიშვილი გვეუბნება, რომ მეწყერი, მინიმუმ, რამდენიმე კვირის დაძრული იქნება.

"რაც ადგილზე ვნახეთ, ეს მეწყერი გუშინ არ ჩამოწოლილა, იმიტომ, რომ ადგილზე ვნახეთ კვალი, ჯგუფებს აქვთ იქ ნამუშევარი, ჩარჭობილია მარკერები, რომ როგორც ჩანს, დაეთვალათ გადაადგილების სიჩქარე. აქ საუბარია, მინიმუმ, რამდენიმე კვირაზე", — გვეუბნება ის.

ფოტო: forum.ge

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანიც აღნიშნავს, რომ ეს არ არის ერთი დღის ან თვის დაწყებული პროცესი. მეტიც, ადასტურებს, რომ მერიამ ეს "10 დღის წინ ან შეიძლება 2 კვირის წინ" იცოდა.

"ეს რამდენიმე დღეა რაც გამოჩნდა და თვალით ხილული გახდა, უფრო სწორად. კიდევ ერთხელ ვამბობ, დედაქალაქის მერიამ გაავრცელა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია 15 მარტს და 16 მარტიდან მოძრაობა ჩაკეტილია. სოციალურ ქსელში სანამ გავრცელდებოდა, ჩვენ გვქონდა ეს ინფორმაცია მანამდე. ეს მეწყერი რამდენიმე დღის წინ რომ გაჩნდა, იმ დღესვე ადგილზე ვიყავი", — თქვა მან.

ის უარყოფს, რომ მერია ფორუმზე გავრცელებული ფოტოების შემდეგ გახდა იძულებული, გზა გადაეკეტა და ამბობს, რომ რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ზომები პირველივე წუთებიდან მიიღეს.

"კიდევ ერთხელ ვამბობ, რამდენიმე დღეა, ოღონდ არა 15, 16, 17 მარტი, უფრო ადრე, როდესაც პირველად ეს ნაპრალები გაჩნდა, დრონით გვქონდა გადაღებული, იმ დღესვე იყვნენ გეოლოგები, პირველი რეკომენდაცია იყო, რომ დაგვეწყო მონიტორინგი, თუ რამდენად პროგრესირებადი იყო ეს ბზარები და სწორედ მათი რეკომენდაციით, 15 მარტს, როცა გვითხრეს, რომ ამან იმხელა ფორმა მიიღო, ეს უკვე სამანქანო და საფეხმავლო მოძრაობისთვის საფრთხის შემცველი გახდა, მაგიტომ გავავრცელეთ განცხადება და ჩავკეტეთ", — აცხადებს ის.

მწყერული პროცესების დაწყების შესახებ ინფორმაციას მოსახლეობაში კრიტიკა მოჰყვა. კერძოდ, ისინი ამბობდნენ, რომ იმ ზოლში მიმდინარე მშენებლობებს, შესაძლოა, ძვრები გამოეწვია. გეოლოგების განცხადებით, ეს ტერიტორია, ქანების მდგომარეობით მეწყერსაშიშია. ლაშა სუხიშვილის თქმით, ადამიანის ჩარევის გარეშეც, თავისი ბუნებრივი და ლოგიკური მოცემულობით, ამ ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნებოდა მეწყრული პროცესების დამოუკიდებლად განვითარება, თუმცა მშენებლობებმა ამას ხელი უფრო შეუწყო.

"იქ რომ არანაირი ჩარევა არ ყოფილიყო, ის ადგილი უკვე არის მეწყერსაშიში. თუმცა ის, რომ ადამიანი ჩაერია, მშენებლობებია, პროექტები ხორციელდება. ამან გამოიწვია მეწყრული პროცესების გააქტიურება. ასე რომ შენელებული მეწყერი დაძრა, გაააქტიურა", — ამბობს ის.

თეა გოდოლაძე

ფოტო: mcm.ge

On.ge-სთან საუბრისას ამას ამბობს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძეც. მისი თქმით, არახალია, რომ ეს მეწყერსაშიში ზონაა, თუმცა მიუთითებს, რომ ინტენსიურმა სამშენებლო პროცესებმა მეწყრის დინამიკაში შესვლას და მის დაძვრას ხელი შეუწყო.

"საერთოდ ეს მეწყრული ფერდია, ეს ცნობილია და ახლა არავის არ აღმოუჩენია, რომ ეს არის მეწყერსაშიში ზონა, ხოლო ნებისმიერი ჩარევა ამ პროცესის დაჩქარებას იწვევს. რამდენჯერმე ჩვენმა გუნდმაც ვთქვით, რომ ამ ფერდზე განაშენიანება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მით უმეტეს, ასეთი ტემპის და ფორმის განაშენიანება. როდესაც თქვენ გაჰყვებით ამ ქუჩას, აქეთ-იქეთ ჩალაგდა უკვე რამდენიმე სართულიანი კორპუსები. ჩემი და ბევრის აზრით, ეს არ შეიძლება, რადგან აქ ქანები არის ძალიან ცუდი. ეს არის გამოფიტული, შლადი ქანები, რეალურად, 6-7 მეტრზეა გამოფიტული. ამიტომ მეწყრის ფორმირებას იქ არაფერი არ უდგას წინ", — გვითხრა მან.

მშენებლობებმა რომ პროცესი დააჩქარა, ამას 100%-ით არ ამბობს თბილისის მერის მოადგილე, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ იმ ტიპის სამუშაოები, რომლებსაც შესაძლოა გარკვეული ბიძგები გამოეწვია, გაჩერებულია.

"ამ კონკრეტულ მონაკვეთებზე არის მხოლოდ იმ ტიპის სამუშაოები, რომელიც არ იწვევს რხევებს, ვიბრაციას, ზემოქმედებას და რომელზეც ნამდვილად ვიცით, რომ ზემოქმედებას არ მოახდენს მეწყერულ პროცესებზე. დანარჩენი, ისეთი სამუშაოები, რომლებსაც შეეძლო გარკვეული ბიძგების გამოწვევა, ყველაფერი გაჩერებულია.

ზოგადად, ხელაღებით რომ ვთქვათ და 100%-ით რომ ეს არის ამ სამუშაოების ან რაიმე გარე ფაქტორებით გამოწვეული, ამ ეტაპზე შეუძლებელია. თუმცა რასაც გეოლოგები გვეუბნებიან და რაც ჩვენ ადრეც ვთქვით, პირველ რიგში ეს არის ბუნებრივი ფაქტორები, მეორე, ეს არის ამ გზის ფერდებზე არსებული სამუშაოები, თუმცა ახლა რომ ვთქვათ, რომ ამ სამუშაოებმა გამოიწვიეს ყველაფერი, ასე არ არის", — აცხადებს ბენდელიანი.

რას ითხოვს მოსახლეობა და რა გეგმა აქვს მერიას?

"როგორც კი შევატყვეთ, რომ საფრთხე იყო, პრევენციული ღონისძიებები იქნა გატარებული", — თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ და დასადასტურებლად მაჭავარიანის ქუჩის ორმხრივად გადაკეტვა მოიყვანა.

პროცესი რომ მასშტაბურია, ამაზე საუბრობს ლაშა სუხიშვილი. მისი თქმით, უხეში გათვლებით, ძვრები დაწყებულია, დაახლოებით, ნახევარ მილიონ კუბურ მეტრზე, ხოლო ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. სუხიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ დაძრული მეწყერი აუცილებლად ჩამოწვება.

"ამის გაჩერებაც წარმოუდგენელია და ან ჩამოვა, ან ჩამოსაყვანია ხელოვნურად. ანუ, რომ ჩამოვა, ეს ცხადია და თუ ვინმე დაასწრებს და ჩამოიყვანს, ეს მეორე საკითხია", — გვითხრა მან.

ფოტო: forum.ge

On.ge გეოფიზიკოსს, ალექსანდრე უსტიაშვილსაც ესაუბრა. მისი განცხადებით, ნაპრალების სიღრმე, შესაძლოა 10-12 მეტრი იყოს, თუმცა დაზუსტებით, ჯერ თქმა უჭირს.

"ხდება და რა მოხდება არავინ იცის, თუ არ მოხდა გეოლოგიური და გეოფიზიკური შესწავლა. გეოფიზიკური შესწავლის დროს უნდა გაიბურღოს, რომ ვნახოთ ეს ქანები როგორ ვითარდება. ზემოთ კი ბურღის დაყენება ძალიან საშიშია, რა მოხდება კაცმა არ იცის. გეოფიზიკური მეთოდით შევისწავლით ნაპრალი რა სიღრმეზე ჩადის, თვალით ვხედავთ, რომ 10-12 მეტრია ახლა", — ამბობს ის.

მერიის მტკიცებას, რომ არაფერი მოხდება, ეჭვქეშ აყენებს სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე. მისი თქმით, ჯერ არავინ იცის რა მასა ჩამოვა, რომელი მიმართულებით წავა, ამიტომ წინასწარ შეფასება ურთულდება, თუმცა ამბობს, რომ საფრთხეები იგივეა, რაც ვერაზე იყო.

"ნაპრალი არის გაზრდილი დღესაც, ყოველდღე იმატებს და თქვენ რა იცით? რატომ მარწმუნებთ, რომ არაფერი არ მოხდება? საით წავა, ნამდვილად არ ვიცი, ჩააღწევს მტკვრამდე, არ ჩააღწევს? ეს მასა, რომ წამოვა, საით წამოვა, ამას სერიოზულად ხომ უნდა მოეკიდო?

მე სასწრაფოდ კონსულტაციას მოვიწვევდი სპეციალისტების, შევაწუხებდი ყველას და დავიწყებდი ამ პროცესის საინჟინრო გადაწყვეტაზე ფიქრს, გამოვიყენებდი არსებულ ძალას ლოკალურად და მე მაგალითად, სხვანაირად მოვიქცეოდი, იმიტომ, რომ ჩემთვის ერთი ადამიანის სიცოცხლეც სიცოცხლეა და საფრთხეში არ ჩავაგდებდი", — აცხადებს ის.

მერიაში აცხადებენ, რომ ორშაბათს გერმანიიდან სპეციალისტებს ელოდებიან, კვლევები დაიწყება და გზა, რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ გაიხსნებაო. თბილისის მერის მოადგილე, ზუსტად ვერ გვეუბნება გეგმას, მაგრამ აღნიშნავს, რომ "გარკვეული ტექნიკური მონახაზები" უკვე აქვთ.

"გვაქვს ჩვენ გარკვეული ტექნიკური მონახაზები, ყველა კვალიფიციური გეოლოგი, სპეციალისტი ყველა ჩართულია პროცესში. ყოველდღიურად ვხვდებით მათ. გეგმა ახლა ასეთია, რომ მიმდინარეობს კვლევის ეტაპი, როგორც იცით, უსაფრთხოების ზომები მიღებულია და მოძრაობა ჩაკეტილია, შემდგომ კვირაში ჩამოდიან გერმანელი სპეციალისტები. მათთან ერთადაც მოხდება უკვე გარკვეული მასალების ერთობლივად განხილვა და ამის შემდეგ დავიგეგმებით უკვე კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც იქნება დროში გაწერილი", — ამბობს ის.

მერია სრულად გამორიცხავს მოსახლეობის ევაკუაციას. ამაზე ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ საზოგადოებას საფრთხე არ ემუქრება.

"ამ მეწყრულ ზონაში და მის ქვემოთაც დასახლებული ადგილი არ არ არის, შესაბამისად, უეცრადაც რომ მოხდეს ამ მასის ჩამოშლა, მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნის. მედიებმა გაავრცელეს, რომ ორთაჭალიდან გლდანამდე ამ მეწყერის მოწყვეტის შემთხვევაში, თბილისი დაიფარებოდა მიწით, ეს არის მიზანმიმართულად პანიკის დათესვა", — ამბობს ბენდელიანი.

მერიას არ აქვს კონკრეტული პასუხები, რაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ პროცესი საფრთხეს არ შეუქმნის მოსახლეობას. მიუხედავად ამისა, ამტკიცებენ, რომ ეს საშიში არ იქნება და ევაკუაციის საჭიროებასაც გამორიცხავენ.

სპეციალისტებს ახლა კითხვები გააქტიურებული ბლოკის მეზობელი ფერდობების მიმართ უჩნდებათ. სუხიშვილის განცხადებით, შესაძლოა, ვიზუალურად არ აღიქმებოდეს, მაგრამ ისინი მაინც გადაადგილდებოდნენ.

ლაშა სუხიშვილი

ფოტო: mcm.ge

"არაა გამორიცხული, ისიც იყოს დღეს აქტიური, უბრალოდ ვიზუალურად არ ეტყობა. ამის გამო, ჩვენ დავიწყეთ და უკვე დაწყებულია სამუშაო, რომ მოხდეს დღეს ვიზუალურად სტაბილურ მდგომარეობაში არსებული ფერდის სიჩქარის დათვლა, იმიტომ, რომ არ გამოვრიცხავთ, ისიც გადაადგილდებოდეს, უბრალოდ ვიზუალურად არ აღიქმებოდეს", — თქვა სუხიშვილმა.

გარდა ამისა, თეა გოდოლაძე ამბობს, რომ მაჭავარიანის ქუჩის ფერდობზე ახალი ბზარები გაჩნდა. ამას უარყოფენ მერიაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის, მერაბ გაფრინდაშვილის განცხადებით, ვაშლიჯვრის მიმდებარედ არსებული ნაპრალები ახალი არაა და წლებია არსებობს.

"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვაშლიჯვრის მიმდებარედ გაჩნდა ახალი ნაპრალები, ახალი რღვევები, ეს რღვევებიც და ნაპრალებიც არახალია, ათეული წლებია არსებობენ. არავითარი საფრთხე ამ ეტაპზე მოსახლეობასთან მიმართებით არ არსებობს", — აღნიშნა მან.

ვაშლიჯვრის მოსახლეობამ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პეტიციაც შექმნა და მერიას კონკრეტული მოთხოვნებით მიმართა. ისინი ამბობენ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომინდარე, რამდენიმე დღეა "ენით აღუწერელ შიშში" უწევთ ცხოვრება.

"მოსახლეობას არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ტიპის საშიშროება რომელ უბნებს და ქუჩებს ემუქრება ვაშლიჯვარში და თუ არ ემუქრება — რა დასკვნებზე დაყრდნობით. მერიის მიერ პირველ დღებში გავრცელებული ინფორმაცია რომ "გერმანელი ექსპერტები ჩამოდიან" არის უკიდურესად ზოგადი და ის არ შეიცავს შიშის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის დამაიმედებელ ან რაიმე მიმართულების მომცემ ინფორმაციას. ჩვენ ვითხოვთ პროცესის მაქსიმალურად გასაჯაროვებას, ყოველდღიურ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ინფორმაციის გაცვლას ამ პრობლემაზე პასუხისმგებელ პირებთან", — ნათქვამია განცხადებაში.

ისინი მოითხოვენ, რომ:

  • გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე, მათ შორის, გაჩერდეს განხილვის პროცესში არსებულ სამშენებლო მოთხოვნებზე დასკვნების გაცემა;
  • დაუყოვნებლივ შეიქმნას დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც გამოიკვლევს ლისის ქედს სრულად და მის რისკებს და რომელთა ვინაობაც გასაჯაროვდება. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და გაიმართოს საჯარო განხილვები;
  • მერიამ ლისის დაზიანებულ ფერდზე დაამონტაჟოს სამონიტორინგო სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს და საჯარო წესით საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია;
  • შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ ნახავენ ექსპერტიზის პასუხებს და დასკვნებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებას დაადასტურებს;
  • შესწავლილი იყოს და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მასა ჩამოწვება, პასუხები გეოლოგებს, ჯერჯერობით, არა აქვთ. მათი განცხადებით, ამას სჭირდება კვლევა, მოდელირება, რათა პირველადი შედეგებით დადგინდეს მეწყრის გააქტიურებული, დაზუსტებული მოცულობა, გადაადგილების სიჩქარე და მინიმუმადე დავიდეს საფრთხეები. ამის ფონზე კი, მერია ზუსტად ვერ გვთავაზობს გეგმას, ვერ გვპასუხობს იმაზე თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. სპეციალისტები აცხადებენ, რომ დრო ცოტაა, მერია კი გვეუბნება, რომ საშიში არაფერია და მაქსიმალურად სწრაფად ეცდებიან, პრობლემა მოაგვარონ.