პოლიტიკოს გოგი წულაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე ზვიად შარაძემ განიხილა.

შეგახსენებთ, რომ უწყებამ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გუშინ, 18 მარტს მიმართა.

პროკურატურამ ინფორმაციით, წულაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობით ჩანდენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გოგი წულაია 17 მარტს, ნაცნობ ქალზე ფიზიკური ძალადობის გამო დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე — 1979 წელს დაბადებულ ა.დ-ზე ფიზიკურად იძალადა", — განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, წულაიას დაკავების შემდეგ.

ქალი, რომელზე ძალადობაც ბრალდება წულაიას On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ყოფილმა დეპუტატმა მასზე სექსუალურად ძალადობა სცადა, წინააღმდეგობის გაწევის დროს კი დაზიანებები მიიღო. იგი უკან დახევას არ აპირებს და შემთხვევისთვის სამართლებრივი შეფასების მისაცემად საკითხს ბოლომდე მიიყვანს.

"ჯოჯოხეთს გავდივარ ახლა. ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისგან. ამიტომ არაფრით არ ვაპატიებ. ჩემ უკან სხვა ქალებიც დგანან, გოგოს მშობელიც ვარ მეც და ამიტომ ბოლომდე გავყვები ამ ამბავს. არავის ვუსურვებ ძალადობის მსხვერპლი გახდეს და ის ჯოჯოხეთის გაიაროს, რასაც მე ამ წამს გავდივარ", — ამბობს ასმათ დვალიშვილი.

გოგი წულაია მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2019 წელს ის ზესტაფონის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს. მარტის დასაწყისში მან პარტია თავისუფალი საქართველო დატოვა.

გაიგეთ მეტი: