ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა ევროპული საბჭოს წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან 10 საათი გაგრძელდა, თუმცა ისევ უშედეგოდ დასრულდა — შეთანხმება არ შედგა. დანიელსონის განცხადებით, შეხვედრაზე იყო მნიშვნელოვანი პროგრესი პრეზიდენტ მიშელის დატოვებულ 6-პუნქტიან გეგმის ირგვლივ ზოგიერთ პუნქტზე.

"ეს მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს ამ საკითხების მოგვარება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ნაკლები პროგრესი იყო", — თქვა მან.

დანიელსონმა აღნიშნა, რომ ხვალ, 19 მარტს საქართველოს დატოვებს და ბრიუსელში დაბრუნდება. მისი თქმით, შარლ მიშელს მოლაპარაკების დეტალებს მოახსენებს.

დანიელსონის შემდეგ ბრიფინგზე ოპოზიციის და მმართველი გუნდის ლიდერები გამოვიდნენ. ამჯერადაც მათ შეთანხმების ვერმიღწევაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. აღსანიშნია ისიც, რომ ოპოზიცია ამ მოვლენების უკან ბიძინა ივანიშვილის ხელს ხედავდა, მმართველი გუნდი კი მიხეილ სააკაშვილისას.

რა თქვა ოპოზიციამ

"პირდაპირ გეტყვით რომ ამდენსაათიანი მუშაობის შედეგად ჩვენ ვერ ვაჩვენეთ მაღალი კულტურა ქართულ საზოგადოებას და ღიად მინდა განვაცხადო რომ ამ ყველაფერში არის დამნაშავე ქართული ოცნება", — განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, რომელიც პირველი დადგა ტრიბუნასთან დანიელსონის შემდეგ.

ვაშაძემ ქართული ოცნება მოიხსენია მათთვის კარგად ნაცნობი სიტყვით და "დესტრქუციულები" უწოდა. აქამდე ამ სიტყვას მმართველი გუნდი ოპოზიციის დასახასიათებლად იყენებდა.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მოლაპარაკებებზე ვერც ერთ საკითხზე ვერ მივიდნენ იქამდე, "სადამდეც საჭირო იყო". თუმცა, მისი თქმით, განსაკუთრებით რთული იყო პოლიტპატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმება. ბოკერიას განცხადებით, დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ ქართულ ოცნებაზე წნეხი უნდა გაძლიერდეს და ქვეყნის შიგნით აქციები უნდა გაგრძელდეს.

გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ერთადერთი ახსნა დღევანდელ დღეს ის აქვს, რომ ქართულ ოცნებას "ფეხზე ჰკიდია" ევროკავშირი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც, მათი რეპუტაციაც და ზოგადად, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები.

"ამდენი დრო დაიხარჯა დოკუმენტის სხვადასხვა ვერსიის მომზადებაზე, რომლებზეც ქართული ოცნება იძახდა უარს. შემდეგ მომლაპარაკებლები მიდიოდნენ და ასწორებდნენ ვერსიებს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ ეთანხმებოდა რიგ პუნქტებს, ეს არ ყოფილა განხილვის საგანი. ისინი ცდილობდნენ, რომ დოკუმენტი ისეთი მაინც ყოფილიყო, რომ ქართულ ოცნებას კი ეთქვა რამეზე მაინც", — განაცხადა ჯაფარიძემ.

გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა კი თქვა, რომ პუნქტების საიდუმლოდ შენახვა არ მოსწონს და მსგავსი ტიპის მოლაპარაკებებისთვის უცხოა.

"მეგონა, რომ მე ვარ არაკომპეტენტური და ეს ხალხი არის ძალიან კომპეტენტური, იმედი მქონდა, რომ საბოლოო ჯამში შედეგი დადგებოდა, მაგრამ როცა დავრწმუნდი, რომ არ დადგა, ახლა ველოდები რაიმე უფლებას, რომ კონკრეტულ საკითხებზე შესაძლებელი იყოს ლაპარაკის დაწყება", — აღნიშნა მან.

რა თქვა მმართველმა გუნდმა

ქართულ ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა და შესაძლოა, რომ ისევ გაგრძელდეს. მისი თქმით, ამის გამო დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მისივე თქმით, ოპოზიციამ გამოაჩინა, რომ მათი თვითმიზანი იყო მოლაპარაკებების ჩაშლა და ეს მიხეილ სააკაშვილის გამო მოხდა.

"ჩვენ ვიცით, რომ ეს სპექტრი, ყველას არ ვგულისხმობ, არის ერთი-ორი გამონაკლისი. მაგრამ ეს ოპოზიციური სპექტრი, მათი უმეტესობა, მათ შორის იმ პირთა უმრავლესობა, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი, დიალოგზე, იმართება კიევიდან, კონკრეტული პოლიტიკოსის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, მათ შეთახმებაზე წამოსვლის არავითარი რესურსი არ ჰქონდათ. ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მათ ჩაშალეს საბოლოო ჯამში შეთანხმება", — განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კი თქვა, რომ დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იყო, თუმცა ოპოზიცია არ იყო მზად ამისთვის.

"ჩვენი მხრიდან ამისთვის არსებობდა სრული მზადყოფნა. სამწუხაროდ, ოპოზიცია არ იყო დღეს მზად შეთანხმების მისაღწევად, მათ პრიორიტეტი მიანიჭეს არა საქართველოსთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, არამედ იმ საკითებს, რომლებიც მათთვის არის პრიორიტეტული", — განაცხადა თალაკვაძემ.


პოლიტიკოსები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დღის 3 საათისთვის შეიკრიბნენ და იმის შემდეგ მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა და 10 საათი გაგრძელდა.

მოლაპარაკებების პარალელურად, ლეობორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, რომელმაც გუშნ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა, გაავრცელა რამდენიმე დეტალი, რომელიც მისი თქმით, მაგიდასთან განიხილებოდა. ნათელაშვილი ამტკიცებს, რომ მათ მიაწოდეს დოკუმენტები, რომლის პრეამბულაშივე ეწერა, რომ პარლამენტში უნდა შესულიყვნენ და არჩევნები 2024-ში ჩატარდებოდა. მისივე თქმით, სთავაზობდნენ 5 კომიტეტის თავმჯდომარეობას და 2 საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელობას.

დანიელსონი საქართველოს 14 მარტს ტოვებდა, თუმცა ამ დღეს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც შარლ მიშელის წარმომადგენელმა თბილისიდან გამგზავრება ერთი დღით გადადო, თუმცა უფრო მეტი ხნით დარჩა. მოლაპარაკებების პარალელურად, პრემიერმინისტრი ბელგიაში შეხვედრებს მართავდა საერთაშორისო პარტნიორებთან, სადაც, ასევე, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი განიხილებოდა.

დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.

მას შემდეგ, რაც სავრაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი გავრცელდა, მოლაპარაკების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ოპოზიციის ნაწილმა მოითხოვა, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს აღარ დაესწროს, თუმცა ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.

გაიგეთ მეტი: