კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებსაც პანდემიის დაწყებიდან მოუთმენლად ველოდით, გასული წლის დეკემბერში გამოჩნდა, რამდენიმე თვეში კი საქართველოშიც დაიწყო ვაქცინაცია. ვაქცინებთან ერთად არაერთი შეთქმულების თეორიაც გაჩნდა, რომლებმაც ხალხზე იმდენად დიდი გავლენა იქონიეს, რომ მიუხედავად ვირუსით გამოწვეული უდიდესი ზარალისა, ადამიანების დიდი ნაწილი მეცნიერების თუ ჯანდაცვის მოხელეების რჩევას ყურს არ უგდებს და ვაქცინის მიღებაზე მაინც უარს ამბობს.

დღევანდელი მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 40%-იც კი არაა აცრილი. ეს მაჩვენებელი ნელა, თუმცა საბედნიეროდ მაინც იზრდება. ადამიანების ნაწილმა კი ჯერ კიდევ არ იცის, რომ მათ უკვე ბუსტერის — გამაძლიერებელი დოზის მიღებაც შეუძლიათ. ამ სტატიაში იმაზე მოგიყვებით, თუ რა არის ბუსტერი და რატომ გვჭირდება მისი გაკეთება.

რა არის ბუსტერი?

ბუსტერი ვაქცინის დამატებითი დოზაა, რომელიც პირველი ორი დოზის მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ კეთდება. იგი პირველი ორი დოზის შედეგად კორონავირუსის წინააღმდეგ გამომუშავებული იმუნიტეტის შენარჩუნებაში გვეხმარება — უფრო დიდი ხნით გვიცავს ვირუსისგან და იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი მაინც მოახერხებს ჩვენს ორგანიზმში მოხვედრას, კიდევ უფრო ამცირებს ავად გახდომის რისკებს.

ვაქცინის პირველი ორი დოზა ჩვენს იმუნურ სისტემას დაავადების საწინააღმდეგო საპასუხო რეაქციის გამომუშავებაში ეხმარება და COVID-19-თან გასამკლავებლად ორგანიზმის მზადყოფნას უზრუნველყოფს. ბუსტერი კი ვაქცინის კიდევ ერთი — მესამე დოზაა, რომელიც COVID-ის იმავე ვარიანტისგან გვიცავს, რომლისგანაც პირველი ორი. შეიძლება ითქვას, რომ ბუსტერი იმუნურ სისტემას შეახსენებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ორგანიზმში ვირუსის მოხვედრის შემთხვევაში და კიდევ უფრო აძლიერებს მის მოქმედებას.

ასევე იხილეთ: Pfizer-ის თქმით, მისი ბუსტერ დოზა COVID-19-ის წინააღმდეგ 96%-ით ეფექტიანია

აღსანიშნავია, რომ იგი დელტა ვარიანტის მიმართ სპეციფიკური არაა. დელტა საწყისი ვარიანტისგან საკმაოდ განსხვავებულია, აქედან გამომდინარე ვაქცინები მის წინააღმდეგ ისეთივე ეფექტიანობით არ გამოირჩევიან, როგორითაც საწყისი ვარიანტის მიმართ. თუმცა, ვაქცინები დელტა ვარიანტისგან საკმარის დაცვას გვთავაზობს, ამიტომ ახალი სპეციფიკური ვაქცინის შექმნის საჭიროება არ არსებობს — ყოველ შემთხვევაში, ამჟამად მაინც.

ვის შეუძლია ბუსტერის მიღება?

გამაძლიერებელი დოზის მიღება ადამიანებს ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ შეუძლიათ. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს, საყოველთაო ვაქცინაცია კი 4 მაისს დაიწყო, მოქალაქეების ნაწილს ბუსტერ დოზის გაკეთება უკვე შესაძლებელია.

ფოტო: Gustavo Fring via Pexels

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბუსტერის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს 18 წლის ზემოთ განურჩევლად იმისა, თუ რომელი ვაქცინით აქვთ მიღებული პირველი ორი დოზა.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი Sinopharm ან Sinovac ვაქცინითაა სრულად აცრილი, მაშინ მას ბუსტერად იმავე ვაქცინის, ან Pfizer-ის გამოყენება შეუძლია. გამაძლიერებლის სახით Pfizer-ის დოზა უნდა გაიკეთონ AstraZeneca და Pfizer ვაქცინით აცრილებმაც.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გამონაკლისს წარმოადგენენ 60 წლის ზემოთ Sinopharm-ითა და Sinovac-ით აცრილები, რომლებსაც ბუსტერის მიღება მეორე დოზით აცრიდან სამი თვის შემდეგაც შეუძლიათ.

არის თუ არა ბუსტერ დოზა უსაფრთხო?

პირველი ორი დოზის მსგავსად, შესაძლოა, ბუსტერსაც ჰქონდეს დროებითი გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი რაიმე მნიშვნელოვან რისკს არ შეიცავს. გარდა ამისა, არ არსებობს იმის ფიქრის საფუძველი, რომ ბუსტერი პირველ ორ დოზასთან შედარებით ნაკლებ უსაფრთხოა.

ბუსტერის მიღების შემდეგ აღნიშნული გვერდითი ეფექტები პირველი ორი დოზით გამოწვეული ეფექტების მსგავსია, რაც მოიცავს მცირე ტკივილს ინიექციის შემდეგ, დაღლილობას, თავის ტკივილს, კუნთებისა და სახსრების ტკივილს და ციებ-ცხელებას. ამ ეფექტების დიდი ნაწილი 1-2 დღეში ქრება.

ასევე იხილეთ: ისრაელის ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგი — "ბუსტერ" დოზა სიკვდილსა და ჰოსპიტალიზაციას გვარიდებს

რომელი ვაქცინითაა შესაძლებელი ბუსტერის მიღება?

ზემოხსენებული ბრძანების მიხედვით, ბუსტერ დოზად შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც იგივე, ასევე განსხვავებული ვაქცინაც, თუ დაშვებულია ვაქცინის მწარმოებლების მიერ. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ პირველი ორი დოზა Sinopharm ვაქცინით გაიკეთეთ, მაშინ ბუსტერის მიღება შეგიძლიათ როგორც Pfizer-ით, ასევე Sinopharm-ით. ვაქცინაციის საბჭოს წევრის, ივანე ხაჩიძის განმარტებით AstraZeneca ვაქცინით აცრილებისთვის გამაძლიერებელი დოზის მიღება საჭირო არაა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბუსტერის გაკეთების საჭიროება იმას სულაც არ ნიშნავს, რომ პირველი ორი დოზა ვირუსისგან ვერ გვიცავს. COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ორი დოზით გამომუშავებული იმუნიტეტი ერთიანად არ ქრება. ჯანდაცვის დეპარტამენტის მთავარი სამედიცინო ხელმძღვანელის, სტეფ დეივისის თქმით, "პირველი ორი დოზით აცრილები სრულად ვაქცინირებულებად მიიჩნევიან იმ შემთხვევაშიც, თუ მეორე დოზის გაკეთებიდან ექვს თვეზე მეტია გასული". თუმცა, ბუსტერის ეფექტის შესწავლა ისევ მიმდინარეობს და მისი თქმით, შესაძლოა მომავალში მისი მიღების შესახებ უფრო მკაცრი რეკომენდაციები გასცენ.

ბოლოს კი, ჯერ ცნობილი არაა, თუ რამდენ ხანს გრძელდება ორგანიზმზე ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის გავლენა, თუმცა კვლევების შედეგები გვიჩვენებს, რომ ბუსტერის მიღებიდან ერთ კვირის შემდეგ COVID-19-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზაციის რისკი, ორი დოზით აცრილებთან შედარებით 93%-ით მცირდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ იგი ეფექტიან და, რაც მთავარია, უსაფრთხო საშუალებას წარმოადგენს პანდემიასთან საბრძოლველად.