ექიმი ზურაბ გურული აცხადებს, რომ ანაფილაქსიური შოკი აბსოლუტურად ყველა ვაქცინის შესაძლო, თუმცა იშვიათი გვერდითი ეფექტია და მისი განვითარება ვაქცინის უხარისხობას არ ნიშნავს.

"ანაფილაქსური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას. ანაფილაქსური შოკის სტანდარტული მკურნალობის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ადრენალინი. არსებობს ასევე იშვიათი შემთხვევები, როდესაც ანაფილაქსური რეაქცია არ ემორჩილება ადრენალინით მკურნალობას. მაშინ მართვითი სუნთქვა და სხვა მედიკამენტებია საჭირო, მათ შორის სტეროიდები

მისივე თქმით, გართულებული ანაფილაქსური რეაქცია მართალია, რთული სამართავია, მაგრამ აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევაში დადებითად სრულდება.

"გართულებული და ადრენალინის მიმართ რეზისტენტული ანაფილაქსური რეაქცია რთული სამართავია, მაგრამ აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევაში დადებითად სრულდება და არ ახლავს ფატალური შედეგი. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ რეანიმატოლოგთა გამოცდილი გუნდი წარმატებით გაუმკლავდება ამ გამოწვევას. წარმოუდგენელი უზნეობაა ( სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან კი არაპროფესიონალიზმი ) ამ სამწუხარო შემთხვევის შესახებ ნიშნის მოგებით საუბარი, რადგან ასეთი იშვიათი გვერდითი ეფექტის თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია მასიური ვაქცინაციების დროს", — წერს ის.

დღეს, 18 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალციხეში ექთანი AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა. ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და NCDC-ის დირექტორმა აღნიშნეს, რომ, შესაძლოა, ეს იყოს ვაქცინის გვერდითი ეფექტი, თუმცა ამის დასადგენად მიმდინარეობს კვლევა. მათივე თქმით, ექსპერტები იმსჯელებენ და შესაძლოა, რომ ასტრაზენეკათი ვაქცინაციის პროცესი შეჩერდეს. გაბუნიამ აღიშნა ისიც, რომ ასტრაზენეკას ვაქცინას მსგავს გვერდით რეაქცია აქვს უკვე დაფიქსირებული — ბრიტანეთის მონაცემებით, 5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო მსგავსი ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია. მანვე აღნიშნა, რომ ვაქცინის რისკი მის სარგებელთან შედარებით ყოველთვის ნაკლებია.