ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ ექთნის მდგომარეობა, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ ცუდად გახდა, მძიმეა და ამ დროისთვის მას უტარდება მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში. მისივე თქმით, ის თბილისში გადმოჰყავთ.

გაბუნია განმარტავს, რომ ექთანი ცუდად გახდა ვაქცინის გაკეთების შემდეგ, მაგრამ ჯერ გამოკვლეული არ არის, ეს ვაქცინის გვერდითი ეფექტია, თუ რამე სხვა მიზეზით იყო გამოწვეული.

"დღეს 4 საათისთვის სამინისტროში შემოვიდა ინფორამაცია იმის შესახებ, რომ აცრის შემდგომ პერიოდში სამედიცინო პერსონალს ახალციხის იმედის კლინიკაში დაუფიქსირდა, სავარაუდო, გვერდითი რეაქცია, რომელიც, შესაძლოა, იყოს დაკავშირებული ვაქცინაციათან. ამდენად დაუყოვნებლივ დაწყებული იქნა გამოძიება ამ შემთხვევის, როგორც ეს ხდება გვერდითი მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად", — განაცხადა მან.

დღეს, 18 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალციხეში ექთანი AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა. ადგილობრივი მედიების ინფორმაციებით, ამ ფაქტს დაპირისპირება მოჰყვა და ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და NCDC-ის დირექტორმა აღნიშნეს, რომ, შესაძლოა, ეს იყოს ვაქცინის გვერდითი ეფექტი, თუმცა ამის დასადგენად მიმდინარეობს კვლევა. მათივე თქმით, ექსპერტები იმსჯელებენ და შესაძლოა, რომ ასტრაზენეკათი ვაქცინაციის პროცესი შეჩერდეს.

გაბუნიამ აღიშნა ისიც, რომ ასტრაზენეკას ვაქცინას მსგავს გვერდით რეაქცია აქვს უკვე დაფიქსირებული — ბრიტანეთის მონაცემებით, 5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო მსგავსი ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია. მანვე აღნიშნა, რომ ვაქცინის რისკი მის სარგებელთან შედარებით ყოველთვის ნაკლებია.