ქორეპისკოპოსი იაკობი, რომელიც ამჟამად ბერლინში იმყოფება, ქართველ ჟურნალისტებთან ინტერვიუში უარყოფს იმ ბრალდებებს, რომელიც 13 თებერვალს მის მიმართ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერით გადაიცა. კერძოდ, ტელეარხმა გამოაქვეყნა წერილი, რომელიც, სავარაუდოდ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს, ჯერ კიდევ დაკავებამდე გაუგზავნა.

წერილის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის. მასში საუბარია საპატრიარქოს ქონებაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. დოკუმენტში ნახსენებია ქორეპისკოპოსი იაკობი, რომელიც, თითქოს, გიორგი მამალაძეს არ აძლევდა საშუალებას, გაემჟღავნებინა საპატრიარქოს კლინიკაში 5 მილიონის დავალიანებასთან გამოვლენილი კორუფციული სქემის დეტალები.

ქორეპისკოპოსი იაკობი აღნიშნულ ბრალდებებს "ზღაპრებს" უწოდებს:

"ეს არის ჩვეულებრივი ზღაპრები, რა კომენტარი გავაკეთო, ვერ გავიგე. მაგ სამსახურის შექმნა ჩემი იდეა იყო და ნუ იბრალებენ სხვები. სირცხვილია თემის გადაფარვა იმითი, რომ თურმე მეუფეს რაღაც მილიონებთან ჰქონია კავშირი, არასერიოზულად მიმაჩნია. თემა რა უფრო მნიშვნელოვანია, უწმინდესის უსაფრთხოება, თუ ვიღაც მეუფე, თუნდაც ქურდი მეუფე, რომელი უფრო სერიოზულია?"

მთავარი პროკურატურის ცნობით, 2017 წლის 10 თებერვალს, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, გიორგი მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ. უწყების განცხადებით, უცნობმა პირმა მიმართა პროკურატურას და მიუთითა, რომ მამალაძეს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ ტელეკომპანია იმედის ეთერში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გიორგი მამალაძე 2 წელია საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობს, სადაც მან "არასახარბიელო კორუფციული საქმეები" აღმოაჩინა, რომელიც, მიტროპოლიტის თქმით, პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს უკავშირდება.