მას შემდეგ, რაც 2021 წლის ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელმა, თორნიკე ყიფიანმა, საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კონკურსს "კურკლშოუს" უწოდებს, საკონკურსო სიმღერის კრიტიკოსებს კი აგინებს, ევროვიზიის ქართველმა და უცხოელმა ფანებმა მისი კონკურსიდან მოხსნა მოითხოვეს.

მოგვიანებით, პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს წარმომადგენელმა ამჯერად ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც "შუა თითის" ჟესტი ჩანს. ფოტოს აღწერაში ყიფიანს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ოფიციალური ფეისბუქგვერდი ჰყავს მონიშნული: "you know I love you. that post was for haters. Hay haters fuck you in the ear" — "ხომ იცით, რომ მიყვარხართ. ის პოსტი 'ჰეითერებისთვის' იყო. სალამი, 'ჰეითერებო', შეგე*ით ყურში".

ფოტო: Tornike Kipiani / Facebook

პოსტს, წინამორბედის მსგავსად, კვლავაც უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ორივე პოსტის შინაარსი ინგლისურ ენაზე თარგმნა და გაავრცელა ევროვიზიის მიმომხილველმა ფანგამოცემამ, Oikotimes-მაც, რომელმაც ქართველი მონაწილის განცხადებას "მიუღებელი" უწოდა.

გამოხმაურების ნაწილია ასევე ონლაინპეტიცია, რომელიც ევროვიზიის ქართველმა ფანებმა შექმნეს. პეტიციის ტექსტში, რომელიც კონკურსიდან ქართველი მონაწილის დისკვალიფიკაციას ითხოვს, აღნიშნულია, რომ ყიფიანმა საკუთარი ფეისბუქსტატუსით კონკურსი "უარყოფით და შეურაცხმყოფელ" კონტექსტში მოიხსენია, "რითაც ზიანი მიაყენა ამავე კონკურსზე მონაწილე ქვეყანას — საქართველოს — და არა მარტო".

მოთხოვნაში, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს მიემართება, ასევე მოხსენიებულია, რომ ქართველმა მონაწილემ შეურაცხყოფა მიაყენა იმ ადამიანებსაც, ვინც "უკმაყოფილება გამოთქვა საკონკურსო სიმღერის მიმართ".

On.ge ისევ უშედეგოდ ცდილობს, დაუკავშირდეს ქართველ მონაწილეს ან ევროვიზიის პროექტის პროდიუსერებს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. ამდენად, უცნობია, რა პოზიცია აქვთ მათ აღნიშნულ საკითხებზე.

ფოტო: EBU

რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 18, 20 და 22 მაისს გაიმართება ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში. ყოველწლიურ მასშტაბურ მუსიკალურ შეჯიბრებაში, რომელსაც 180 მილიონი მაყურებელი ადევნებს თვალს, წელს 40 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.