ჰარი პოტერის წიგნების სერიის ავტორის, ჯოან როულინგის ირგვლივ არსებულ ურთიერთსაწინააღმდეგო განხილვებს კიდევ ერთი ცნობილი სახე შეუერთდა.

რეიფ ფაინზმა, რომელიც ჰარი პოტერის ფილმების სერიაში მთავარი ანტიგმირის, ლორდი ვოლდემორის როლს ასრულებს, ახალ ინტერვიუში როულინგთან დაკავშირებულ ტრანსფობიურ ბრალდებებზე ისაუბრა და ეს ბრიტანელი მწერალი დაიცვა.

"ჩემთვის გაუგებარია მისკენ მიმართული ამხელა ღვარძლი. მესმის კამათის დროს არსებული დაძაბულობა, მაგრამ წარმოუდგენელი ბრალდებების წაყენება და განაჩენის გამოტანა სრული უგუნურება მგონია. შემაშფოთებელია ის სიძულვილი და ძალადობრივი ენა, რომელსაც განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების მისამართით გამოთქვამენ", — განაცხადა მან.

რეიფ ფაინზი ასე ჰარი პოტერის სხვა მსახიობებს გამოეყო, რომლებმაც ჯოან როულინგთან დაკავშირებული განხილვებისას ღიად დააფიქსირეს თავიანთი მხარდაჭერა ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ. მათ შორის დენიელ რედკლიფმა განაცხადა, რომ "ტრანსგენდერი ქალები ქალები არიან".

ჯოან როულინგი და რეიფ ფაინზი.

ფოტო: Getty Images

ჯოან როულინგი პირველად კრიტიკის ქარცეცხლში ჯერ 2019 წელს გაეხვა, როცა მხარი დაუჭირა მაია ფორსტეიტერს, რომელმაც სამსახური ტრანსფობიური განცხადებების გამო დაკარგა.

მოგვიანებით ის ისევ გააკრიტიკეს, როცა ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ სოციალურ ქსელებში რამდენიმე განცხადება გამოაქვეყნა, მათ შორის ეს:

"თუ სქესი რეალური არ არის (როგორც მყარი ბიოლოგიური მოცემულობა), მაშინ არც ერთნაირი სქესის მქონე ადამიანებს შორის სექსუალური მიზიდულობა არსებობს. თუ სქესი რეალური არ არის, მაშინ ქალების ცხოვრების გლობალური გამოცდილებაც უნდა გავაქროთ. მე ვიცნობ და მიყვარს ტრანსგენდერი ადამიანები, მაგრამ სქესის ცნების წაშლით, ასევე უარვყოფთ ქალების ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვან განხილვებს. სიმართლის თქმა ვინმეს მიმართ სიძულვილს არ გამოხატავს".

თავად ავტორი ბრალდებებს უარყოფს და საკუთარ თავს ტრანსფობად არ მიიჩნევს. მეტიც, 2020 წლის ზაფხულში მან სხვა რამდენიმე ცნობილ სახესთან ერთად ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზეა საუბარი:

"ინფორმაციისა და იდეების თავისუფლად გაცვლა, რაც ლიბერალური საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად უფრო იზღუდება. მიუხედავად იმისა, რომ ამას მხოლოდ რადიკალურად მემარჯვენეებისგან ველოდით, აღმოჩნდა, რომ ცენზურამ უფრო ფართოდ მოიკიდა ფეხი ჩვენს კულტურაში: საწინააღმდეგო შეხედულებების მიუღებლობა, საჯარო დამცირების ნორმად ქცევა, ადამიანების დევნა და ტენდენცია, რომ განსახილველი პოლიტიკური საკითხები ურყევ ჭეშმარიტებაში აურიონ. ჩვენ მხარს ვუჭერთ თუნდაც უკმეხი და მწვავე აზრების გამოთქმის ღირებულებას ნებისმიერ ადგილას. მაგრამ ახლა მეტისმეტად ჩვეულებრივი ნორმაა მყისიერი და მკაცრი სასჯელის მოთხოვნა განსხვავებული სიტყვისა და აზრის გამოთქმის გამო", — ვკითხულობთ წერილში.