ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ ტელეკომპანია იმედის ეთერში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გიორგი მამალაძე 2 წელია საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობს, სადაც მან "არასახარბიელო კორუფციული საქმეები" აღმოაჩინა, რომელიც, მიტროპოლიტის თქმით, პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს უკავშირდება:

"ბევრი კითხვის ნიშნები კორუფციული გარიგებისა თუ სხვა საქმისა, მან უამრავი მამხილებელი საკითხი აღმოაჩინა თავის სამსახურში, რომელიც არასახარბიელო კორუფციულ მდგომარეობას უკავშირდება და ჩემს მიერ არც თუ ისე დიდი ხნის წინ დახარისხებულ პრობლემას უკავშირდება და ე.წ. რუხ კარდინალს, ქაოსური და ჩრდილოვანი მმართველობის სახით".

მისი თქმით, დღეს განვითარებული მოვლენები სწორედ ამ პრობლემის და მმართველობის გაგრძელებაა:

"საკითხის წამოწევა ხდება რაღაც პირველხარისხოვანი პრობლემის გადაფარვისთვის. ეს ჩემი პირადი აზრია. ეს ქალბატონი (შორენა თეთრუაშვილი) მართავდა ეკონომიკის სამსახურს და ასევე ქონების მართვის სამსახურს, მანამ, სანამ დაინიშნებოდა მამა გიორგი. ყველაზე დიდი დისკომფორტი შეექმნა მას და მის ბინძურ საქმეებს, რომლებიც წარმოჩინდა მამა გიორგის ამ სამსახურში ჩართულობის შემდეგ".

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართა და მოუწოდა მას, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის უსაფრთხოებაზე იზრუნონ.

მეუფე პეტრემ 2016 წლის 22 დეკემბერს, სინოდის სხდომის დაწყებამდე, განაცხადა, რომ საპატრიარქოში არსებული ძირითადი პრობლემა არის პატრიარქის მდივარ-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის "განუსაზღვრელი ძალაუფლება" და რომ თეთრუაშვილს ეკლესიაში "რუხი კარდინალის" პოზიცია აქვს.

მთავარი პროკურატურის ცნობით, 2017 წლის 10 თებერვალს, მკვლელობის მომზადების ფაქტზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, გიორგი მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ. უწყების განცხადებით, უცნობმა პირმა მიმართა პროკურატურას და მიუთითა, რომ მამალაძეს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.