ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განმარტებით, მოლაპარაკების ტექნიკაა, როცა საუბარი იწყება მარტივად გადასაჭრელი საკითხებით. ასე ეხმაურება იგი ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის პროტესტს საკითხების განხილვის რიგითობასთან დაკავშირებით.

"არსებობს საკითხები, სადაც მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება და შეთანხმება არის უფრო მარტივი და არსებობს უფრო რთული საკითხები. უბრალოდ, მოლაპარაკების ტექნიკის საკითხია, რომ საუბარი იწყება ადვილად გადასაჭრელ საკითხებზე და შემდეგ პროცესი მიდის უფრო რთულ, პოლიტიკურ და იმ საკითხებზე, სადაც მხარეებს სხვადასხვა პოზიციები აქვთ", — განაცხადა სამადაშილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

მისი თქმით, მოლაპარაკებებზე განიხილება ყველა ის საკითხი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმაშია.

"მე არ მინდა, რომ საზოგადოება შეიყვანოს ვინმემ შეცდომაში. მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ამ მოლაპარაკებებზე საუბარი მიდის ყველა იმ საკითხზე, რაც არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი — პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემაზეც, ვადამდელ არჩევნებზეც და დიახ, იმაზეც რა საარჩევნო რეფორმებია გასატარებელი იმისთვის, რომ ჩვენ, როდესაც გვექნება ქვეყანაში არჩევნები, მივიღოთ სხვა სახის არჩევნები და სხვა პოლიტიკური გარემო", — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცოტა ხნის წინ, შალვა ნათელაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა ევროკავშირის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრა, რომელსაც ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად, ქართული ოცნების წარმომადგენლებიც ესწრებიან. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა შეხვედრას ტოვებს, რადგან პირველ საკითხად რიგგარეშე არჩევნები და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ განიხილება.

ნათელაშვილის თქმითვე, დოკუმენტი, რომელის მოლაპარაკებების დროს მუშავდებოდა, იწყებოდა იმით, რომ ოპოზიცია შედიოდა პარლამენტში და 2024 წლის არჩევნებს დაელოდებოდა.

შეხვედრას ესწრება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი მინაშვილი, რომელმაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შესვლამდე ხაზგასმით განაცხადა, რომ თუ მმართველი პარტიის მხრიდან არ იქნება კომპრომისი ე.წ. პოლიტპატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზე, შეთანხმება არ შედგება.

ამ წუთებში ქართული ოცნებისა და ოპოზიციის ლიდერები ერთად ხვდებიან შვედ დიპლომატს, რომელიც საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი დავალებით, მხარეებს შორის მოლაპარაკებების მედიაციისთვის ჩამოვიდა.

მეექვსე დღეა დანიელსონი ინდივიდუალურად ხვდება როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. იგი, ასევე, ესაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და რამდენჯერმე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

14 მარტი იყო დანიელსონის ვიზიტის ბოლო დღე საქართველოში, თუმცა, პარტიებთან შეხვედრების შემდეგ, მან განაცხადა, რომ გამგზავრება ერთი დღით გადადო. მისი თქმით, იმედოვნებდა, რომ მხარეები მიაღწევდნენ შეთანხმებას, თუმცა რადგან ეს ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, რჩება საქართველოში.

15 მარტს დანიელსონი კიდევ ერთხელ შეხვდა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ დანიელსონი საქართველოში დარჩება იქამდე, სანამ შეთანხმებას არ მიაღწევენ.

თითქმის ორდღიანი შესვენების შემდეგ, დანიელსონმა პარტიებთან შეხვედრები განაახლა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ წუთებში დღეს იგი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას ერთად ხვდება.

გაიგეთ მეტი: