პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადის სასამართლომ დღეს, 13 თებერვალს, გამოსცა ბრძანება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ვალენტინობის დღის აღნიშვნის აკრძალვას გულისხმობს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

განკარგულება კრძალავს ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი ელექტრონული და დაბეჭდილი რეკლამების გავრცელებას. ბრძანება დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. ე.წ. შეყვარებულების დღის აღნიშვნა არაკანონიერად ჩაითვლება საჯარო ადგილებსა თუ სამთავრობო შენობებში.

ფოტო: Getty Images

სასამართლომ პაკისტანის ელექტრონული მედიის დამარეგულირებელ ხელისუფლებას (PEMRA) დაავალა, რომ გააკონტროლოს ბრძანების აღსრულების პროცესი და მონიტორინგი ჩაატაროს ქვეყნის მასშტაბით.

სასამართლომ ბრძანება მას შემდეგ გამოსცა, რაც ადგილობრივმა მოქალაქემ აბდულ ვაჰიდმა სარჩელი შეიტანა და განაცხადა, რომ ვალენტინობის დღე ისლამს ეწინააღმდეგება და დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს.

პაკისტანში ვალენტინობის დღე ამორალურად და დასავლური კულტურისთვის დამახასიათებლად მიიჩნევა.

სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის სიურპრიზი არ ყოფილა. რელიგიური ჯგუფები 14 თებერვალს ქვეყნის მასშტაბით აწყობენ ვალენტინობის დღის საწინააღმდეგო აქციებს. 2016 წელს, ვალენტინობას, ქვეყნის ჩრდილოეთი პროვინციის რამდენიმე ქალაქში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი აღნიშვნა ასევე აკრძალა.

ფოტო: Getty Images