ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარის, მარინა კალიურანდის განცხადებით ეუთო/ოდირის დასკვნას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ენდობიან, ხოლო პოლიტიკოსებმა, რომლებსაც ხალხმა მანდატი მისცა და საპარლამენტო საქმიანობაში არ ერთვებიან, არ შეასრულეს ის, რაც ქართველ ხალხს მათგან სურდა.

"რაც შეეხება რჩევას, სასურველია გადადგათ შეიძლება არც ისე პოპულარული ნაბიჯები და პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მაგრამ წინ გაიხედოთ და გრძელვადიან პერსპექტივაზე იფიქროთ. მე ვარ ყოფილი დიპლომატი, მჯერა მოლაპარაკებების, ერთმანეთის მოსმენის, კომპრომისის ძებნის. მე მჯერა, ეს სიტუაცია არის შესაძლებლობების ფანჯარა, რადგან პროცესში პირადად ჩართულია ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. მოვუწოდებ ყველას, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა ძალიან გთხოვთ. დასხედით ერთად, მოუსმინეთ ერთმანეთს და კიდევ ერთხელ ვამბობ, დააყენეთ პირველ ადგილზე ქართველი ხალხის ინტერესი. რა თქმა უნდა, ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე, ძალიან ვწუხვარ, რომ ევროპარლამენტმა ვერ შეძლო მონიტორინგის მისიის განხორციელება, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეუთო/ოდირის დასკვნით და ჩვენ მათ ვენდობით, იყო ხარვეზები, მაგრამ საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი და დემოკრატიული წერტილი. ქართველმა ხალხმა მანდატი მისცა პოლიტიკოსებს შესულიყვნენ პარლამენტში და დაეწყოთ მუშაობა, სამწუხაროდ, ოპოზიციიდან ყველა არ შესულა, მათ არ შეასრულეს ის, რაც ქართველ ხალხს მათგან სურდა", — განაცხადა კალიურანდმა(იმედის თარგმანი).

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა და პრემირმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის ფარგლებში არსებული ურთიერთობები განიხილეს. პრესცენტრის თანახმად, ყურადღება გამახვილდა, ასევე, წევრობის მოსამზადებელ სტრატეგიაზე. განსაკუთრებით წევრობის იმ კრიტერიუმებზე, როგორებიცაა პოლიტიკური, ეკონომიკური კრიტერიუმები, კანონმდებლობა, ფინანსური თანამშრომლობა.

პრემიერმინისტრი ბრიუსელში 15 მარტს გაემგზავრა. ის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში იმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე — NATO-ში.

17 მარტს შეხვედრები შედგება ევროპარლამენტსა და ნატოში. საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.