საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პაკეტს, რომლის მიხედვითაც ყველა კიბერდანაშაულზე შესაძლებელი იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

"ფარული საგამოძიებო მოქმედება მოიცავს, მათ შორის, კომპიუტერულ სისტემაში, შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ მონაცემების გადაწერას, წამოღებას და ა.შ.

ვინაიდან ეს დანაშაული გამოირჩევა თავისი სპეციფიურობით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ საჭიროა ყველა დანაშაულზე მსგავსი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მოხდეს მისი ეფექტურად გამოვლენა, გამოძიება და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემა", — განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ცვლილებათა პაკეტის პარლამენტში წარდგენისას.

ცვლილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ორი ახალი მუხლი: 286 პრიმა მუხლი, რომლის მიხედვითაც დასჯადი გახდება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და მონაცემების ჩასმა, შეცვლა, წაშლა, დაფარვა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.

"აღნიშნული ქმედება დღეის მდგომარეობით კვალიფიცირდება ორი სხვადასხვა მუხლით. ეს არის კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა და ქონების დაუფლება სხვადასხვა ფორმით. ეს შეიძლება იყოს ქურდობა, თაღლითობა და ა.შ. შესაბამისად, ჩნდება სპეციალური მუხლი, რომლითაც მოხდება ასეთი პირების პასუხისგებაში მიცემა", — განმარტავს ალექსანდრე დარახველიძე.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება ახალი, 2862 მუხლი, რომლის მიხედვითაც დასჯადი იქნება ყალბი კომპიუტერული მონაცემის შემქმნა. დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება პარლამენტის, მთავრობის, სამინისტროების და სხვა სახელმწიფო უწყებების კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა.

"კიბერდანაშაული 21-ე საუკუნის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდილი სტატისტიკა. დამნაშავეთა მხრიდან მუდმივად იხვეწება დანაშაულის ჩადენის ხერხები და მეთოდები, რაც სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი ნორმების ჩამოყალიბებას მოითხოვს, რომელიც ერთი მხრივ, უპასუხებს კიბერდანაშაულის თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებს, ასევე სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან", — ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.