UNICEF-ის ახალი ანგარიშის თანახმად, Covid-19-ით გამოწვეულმა ჯანდაცვის სერვისების შეფერხებამ სამხრეთ აზიაში 228000 ბავშვი იმსხვერპლა. დოკუმენტში, ასევე, ნათქვამია, რომ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმიუწვდომლობამ სამხრეთ აზიაში შესაძლოა 239 000 დედისა და ბავშვის სიკვდილი გამოიწვიოს. ამაზე UNICEF-ის ანგარიშზე დაყრდნობით BBC წერს.

ანგარიშში აქცენტი გაკეთებულია ავღანეთზე, ნეპალზე, ბანგლადეშზე, ინდოეთზე, პაკისტანსა და შრი-ლანკაზე, სადაც, დაახლოებით, 1,8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.

ანგარიშის მიხედვით, ასევე, დადგინდა, რომ ყველაზე მეტად ქალები, ბავშვები და მოზარდები დაზარალდნენ.

სამხრეთ აზიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 13 მილიონამდე შემთხვევაა გამოვლენილი, 186 000-ზე მეტი ადამიანი კი დაიღუპა.

დოკუმენტში, ასევე, წერია, რომ მწვავე არასრულფასოვანი კვების გამო დახმარების მიმღები ბავშვების რაოდენობა ბანგლადეშსა და ნეპალში 80%-ზე მეტით შემცირდა, ხოლო ბავშვებში იმუნიზაციამ ინდოეთსა და პაკისტანში 35%-ითა და 65% -ით იკლო.

ანგარიშში, აგრეთვე, ნათქვამია, რომ ინდოეთში ბავშვთა სიკვდილიანობამ ყველაზე მეტად 2020 წელს — 15.4%-ით მოიმატა, ბანგლადეშში 13%-ით. შრი-ლანკაში დედების სიკვდილიანობის ყველაზე მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა — 21,5%, რომელსაც მოსდევს პაკისტანი 21,3%.