შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გოგი წულაია ნაცნობ ქალზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე — 1979 წელს დაბადებულ ა.დ-ზე ფიზიკურად იძალადა", — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

წულაიას დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს, 17 მარტს გავრცელდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გოგი წულაია მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2019 წელს ის ზესტაფონის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს. მარტის დასაწყისში მან პარტია თავისუფალი საქართველო დატოვა.