ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაციის გამო, ყოფილი პატიმარი პენიტენციურ სამსახურს ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივის. საქართველოს ახალრაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მოსარჩელე არის ვეგანი და იკვებება მცენარეული ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით. 2019 წელს ის სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში იყო მოთავსებული. ციხეში მოხვედრისთანავე, მან ადმინისტრაციას ამის შესახებ აცნობა და სპეციალური კვების რაციონით უზრუნველყოფა ითხოვა.

საიას ინფორმაციით, მიუხედავად თხოვნისა, მას საჭირო საკვები არ მიაწოდეს, რადგან ადმინისტრაციის განმარტებით, არც სპეციალური საკვები ჰქონდათ ვეგანებისათვის და არც მზარეული ჰყავდათ, რომელიც ვეგანურ საკვებს მოამზადებდა.

"ამასთან, ვეგანური პროდუქტები ადგილობრივ მაღაზიაში არ იყო ხელმისაწვდომი. შედეგად, პატიმარს ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული საკვების მცირე ნაწილის მიღება შეეძლო და მთელი დროის განმავლობაში იმაზე ბევრად ნაკლები საკვების მიღება უწევდა, ვიდრე ნორმაა. იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელე გარკვეული პერიოდის განმავლობაში სპეციალურ საკვებს ვერ ღებულობდა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა", — განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

საიას ცნობით, მოსარჩელე დავობს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში, იგი ადმინისტრაციის მხრიდან მსოფლმხედველობის, კერძოდ, ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვეპლი იყო, რის გამოც იგი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

18 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლო მსოფლმხედველობის გამო დისკრიმინაციის საქმის ზეპირ განხილვას იწყებს. საქმეში მოპასუხეებს წარმოადგენენ:

  • საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
  • ჯანდაცვის სამინისტრო;
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური და
  • სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულება.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.

"სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება არამხოლოდ უშუალოდ მოსარჩელის დარღვეული უფლებების აღდგენა, არამედ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა პენიტენციურ დაწესებულებებში კვების საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციების გადახედვის საფუძველი გახდეს", — აღნიშნავენ საიაში.

საქმეს საია USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.