საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გამოძიების დასრულებასა და კითხვებზე პასუხის გაცემას დაელოდებიან:

"შეშფოთებული ვარ მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ პროკურატურასთან, ვაკვირდებით გამოძიების პროცესს, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ველოდებით გამოძიების დროულად დასრულებას, რომელიც გასცემს პასუხს კითხვებს, როგორც დაგეგმილი დანაშაულის შესაძლო მონაწილეების, ასევე შემკვეთების თაობაზე".

მთავარი პროკურატურის ცნობით, 2017 წლის 10 თებერვალს, მკვლელობის მომზადების ფაქტზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, გიორგი მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ. უწყების განცხადებით, უცნობმა პირმა მიმართა პროკურატურას და მიუთითა, რომ მამალაძეს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.