თუ ზუმში რამდენიმესაათიანი მოსაწყენი შეხვედრების ატანა აღარ შეგიძლია და სულ იმას ნატრობ, შეხვედრა რამემ ჩაშალოს, მარტო ნამდვილად არ ხარ! ეს იმდენად გლობალური საკითხია, რომ დეველოპერმა სემ ლავინმა პრობლემის გადასაჭრელად აპლიკაცია Zoom Escaper შექმნა.

Zoom Escaper მომხმარებლებს ყალბი შემაწუხებელი ხმების ფართო არჩევანს სთავაზობს: ბავშვის ტირილი, ძაღლის ყეფა, ცუდი ინტერნეტის გამო ხმის შეწყვეტა, კაცის ტირილის ხმა, რემონტისგან გამოწვეული ხმაური. ყალბი ხმა იმდენად გამაღიზიანებელია, რომ სხვა მონაწილეები შეხვედრის დატოვებას გთხოვენ და შენც ზუმისგან თავის დაღწევის მშვენიერი მიზეზი მოგეცემა.

"ვიმედოვნებ, რომ ადამიანები Zoom Escaper-ს ზუმის შეხვედრებისგან თავის დაღწევის მიზნით გამოიყენებენ და ნაკლებს იმუშავებენ. მაინტერესებდა, როგორ იმუშავებდა საბოტაჟი ციფრულ კონტექსტში, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ყველაფერი, ამასთანავე, პირადი ხელსაწყოებია, რომელთაც სოციალური ცხოვრებისთვის გვჭირდება", — ამბობს აპლიკაციის შემქმნელი, სემ ლავინი.

თუ შენი ზუმისადმი სიძულვილის გამოსახატად Zoom Escaper საკმარისი არაა, შეგიძლია, სემ ლავინის მიერ უფრო ადრე შექმნილი აპლიკაცია Zoom Deleter გადმოწერო. როგორც სახელიდანაც მიხვდებოდი, თუ ზუმის აპლიკაციის წაშლის შემდეგ ოდესმე მისი ხელახლა გადმოწერის სურვილი მაინც წაგძლევს, აღნიშნული ხელსაწყო რთულ გადაწყვეტილებას შენ მაგივრად მიიღებს და აპლიკაციას წაგიშლის.