გალელი ექთანი, რომელმაც გულის უკმარისობის ჩივილებით ენგურის ხიდი გადმოკვეთა, ანაკლიის საკარანტინე სივრცეში გარდაიცვალა. ინფორმაცია On.ge-ს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს. შემთხვევა გუშინ, 16 მარტს მოხდა. მათივე თქმით, გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

გალის რაიონის მკვიდრი, ნინო რიგვავა On.ge-სთან ყვება, რომ ქართულმა პოლიციამ პირველადი დახმარების ნაცვლად ქალი კარანტინში გაამწესა.

"ავად იყო ქალი, მიჰქონდა საბუთი და პირდაპირ გაუშვეს ანაკლიაში. კიდევ ერთი მსხვერპლი ქართული პოლიტიკის დაუდევრობის. ბედის ანაბარა მიგვატოვეს, როდემდე უნდა ვიყოთ ასე", — ამბობს სოფელ ოქუმში მცხოვრები, ნინო რიგვავა On.ge-სთან.

On.ge დილიდან ცდილობდა მომხდარზე ჯანდაცვის სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან დაკავშირებას. ჯანდაცვის სამინისტროში ჩვენს ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ. თეა ახვლედიანის უწყებაში კი, ჯერჯერობით, მომხდარზე არ საუბრობენ.

წელიწადზე მეტია გალის რაიონის მცხოვრებლებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა არ აქვთ.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში 11 თებერვალს განაცხადეს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილება 12 თებერვლის დღის პირველი ნახევრიდან ორმხრივად ხანდაზმულებისთვის, პენსიონერებისთვის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის და სხვა კატეგორიის ადამიანებისთვის გაიხსნებოდა.

ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განმარტა, რომ პირველ თებერვლამდე საკარანტინე ვადა 12-დღიანი იყო, ხოლო 11 თებერვლიდან ოკუპირებული რეგიონებიდან გადმომსვლელთათვის ის 5-დღიანი გახდებოდა.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, მათ სივრცის დატოვება PCR ტესტირების უარყოფითი შედეგისა და საკარანტინე ვადის ამოწურვის შემდეგ აქვთ.

საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული გადაადგილების თავისუფლებაზე შეზღუდვის მოხსნით, სინამდვილეში გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის არაფერი შეცვლილა. ადგილობრივები ჩივიან, რომ კარანტინის არსებობა მათ დამატებით შეფერხებებს უქმნით და გადმოსვლის იდეას აზრს უკარგავს. ამიტომ ისინი სავალდებულო კარანტინის დაუყოვნებლივ მოხსნას ითხოვენ.