დროა შევცვალოთ ჩვენი მიდგომა ნარჩენებისადმი, რომლებსაც ვაწარმოებთ; დროა ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი თავებისა და ჩვენი შვილებისათვის ჯანმრთელი მომავლის შესაქმნელად. მაგრამ, პირველ რიგში, მეტი უნდა გავიგოთ ნარჩენების შესახებ.

ნარჩენები და ნაგავი: რა განსხვავებაა?

ნარჩენებსა და უბრალოდ ნაგავს შორის დიდი განსხვავებაა.

ნარჩენები მნიშვნელოვანი რესურსია ახალი მასალებისთვის.

ფოტო: lowgif

მათი ხელახლა გამოყენება და გადამუშავება გვეხმარება შევამციროთ უარყოფითი გავლენა ბუნებასა და საზოგადოებაზე. ასე შეგვიძლია შევინარჩუნოთ ნავთობი მიწაში, ხეები ნიადაგში და არ მოვიხმაროთ მავნე ქიმიკატები. თუ ნარჩენებს გამოვიყენებთ როგორც რესურსს, დავზოგავთ წყალს, ენერგორესურსებს და მიწებს, რომლებიც წინააღმდეგ შემთხვევაში ნაგავსაყრელებისთვის გამოიყენება. გიზიარებთ რამდენიმე მაგალითს.

ერთი ტონა გადამუშავებული პლასტმასა ზოგავს 7,200 კილოვატ/საათში ელექტროენერგიას, დაახლოებით იმდენს, რამდენსაც ერთი ოჯახი მოიხმარს 7 თვეში და ასევე ზოგავს 68 კუბურ მეტრ მიწას, რომელიც ნაგავსაყრელისთვის უნდა გამოეყენებინათ.

მაშინ ნაგავი რაღაა?

ფოტო: designfactory / Unsplash

ნაგავია ყველაფერი უსარგებლო, რასაც ვერც ხელახლა გამოვიყენებთ და ვერც გადავამუშავებთ, მაგალითად, ბრჭყვიალა თუნუქის ფოლგით დაფარული ჩიფსების შეფუთვა, ერთჯერადი "ქაღალდის" ჭიქები, პოლიესტერის გაცვეთილი მაისური ან პატარა საყვარელი ნივთები, რომლებსაც სუვენირების მაღაზიებში ყიდულობთ/საჩუქრად იღებთ და შემდეგ ტყდება. ეს ყველაფერი ძირითადად ნაგავსაყრელებზე იგზავნება, იფარება მიწით და რჩება ნიადაგში მომდევნო რამდენიმე ასწლეულის მანძილზე.

ჩვენ ყველა ვაწარმოებთ ნარჩენებს, რომლის ნაწილიც ნაგავია, მაგრამ მათი უმეტესობა ფასეული რესურსებია.

რამდენ ნარჩენს ვაწარმოებთ?

საქართველოში ყოველწლიურად 900 000 ტონა მყარი მუნიციპალური ნარჩენი გროვდება. ჩვენს ქვეყანაში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს — გამოდის, რომ თითოეული მოსახლე წელიწადში 243 კგ ნარჩენს აწარმოებს.

ამ რაოდენობას შეუძლია დაფაროს მთლიანი თბილისი ნარჩენების 10-სანტიმეტრიანი ფენით.

აქედან უდიდესი ნაწილი ორგანული ნარჩენებია. CENN-ის კვლევის მიხედვით, ნაგავსაყრელებზე არსებული ნაგვისა და ნარჩენების 47,5 % ორგანული ნარჩენებია — საკვების ნარჩენები, ხე და მწვანე ნარჩენები (მოცელილი ბალახი და ჩამოცვენილი ფოთლები).

ეს 47,5 % შეიძლება სათანადოდ გადამუშავდეს ან გამოვიყენოთ ხელმეორედ (დიახ, საქართველოშიც). საკვები ნარჩენები და მწვანე ნარჩენები შეიძლება კომპოსტად გადავამუშაოთ — ორგანული მიწათმოქმედებისთვის აუცილებელი სასუქი.

ნაგავსაყრელებზე არსებული ნარჩენების პროცენტული გადანაწილება ასეთია:

  • 14,5% — პლასტმასა;
  • 12% — ქაღალდი/მუყაო;
  • 6,3% — სხვადასხვა მეტალი;
  • 3% — შუშა.

ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია 83%-ზე მეტის გადარჩენა ნაგავსაყრელზე გაგზავნისგან და ახალი სასარგებლო დანიშნულების მოძებნა ამ ნარჩენებისათვის.

ეს მონაცემები არ მოიცავს ინდუსტრიულ, სამედიცინო და სხვა სახიფათო ნარჩენებს, რომლებიც განსაკუთრებულ მოპყრობას საჭიროებს.

სად მიდის მთელი ეს ნარჩენები?

ფოტო: Jorge Zapata

ნარჩენების მთლიანი მოცულობის 75%, დიდი ალბათობით, ნაგავსაყრელებზე იგზავნება. ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა: სად მიდის დანარჩენი? ბუნებაში? მდინარეებში? ზღვაში? თუ მიმოიხედებით, ამ კითხვაზე პასუხს თავად გასცემთ.

საქართველოში 33 ოფიციალური ნაგავსაყრელი არსებობს:

  • ერთი თბილისში, ლილოში — თბილსერვის ჯგუფის დაქვემდებარებაში;
  • მეორე აჭარაში — შპს სანდასუფთავების დაქვემდებარებაში;
  • კიდევ 31 სხვა ნაგავსაყრელი სხვა რეგიონებში სახელმწიფო ორგანიზაციის, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დაქვემდებარებაში.
  • მხოლოდ 2 მათგანი — ლილოსა და გარდაბანში — შეესაბამება ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანიტარულ ნორმებს, სათანადოდ იცავს ნიადაგს და მიწისქვეშა წყლებს დაბინძურებისაგან, იყენებს სადრენაჟო სისტემებს და არ აძლევს საშუალებას მეთანს და CO2-ს გაიბნეს ატმოსფეროში.

ფაქტობრივად მხოლოდ ამ ორს შეიძლება ვუწოდოთ ნაგავსაყრელები, დანარჩენი უბრალოდ ნაგვით სავსე ტერიტორიებია, სადაც არაფრითაა დაცული ნიადაგი და წყალი; შესაბამისად მთელი ეს გაუნეიტრალებელი საზიანო და ტოქსიკური ელემენტები საბოლოოდ ჩვენს კვების ჯაჭვში აღწევს.

ასეთი არალეგალური ნაგავსაყრელების რიცხვი ქვეყნის მასშტაბით უცნობია, ნარჩენებით დაბინძურების მაჩვენებლები ქვეყანაში შემაშფოთებელია.

EMBLAS-ის კვლევამ შავი ზღვის დაბინძურების შესახებ აჩვენა, რომ შავი ზღვა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ზღვაა. შავ ზღვაში არსებული ნაგვის 83% პლატმასაა. კვლევამ აღრიცხა პლასტმასა ზღვაში, სანაპიროებზე და მდინარეებში.

სხვა ნარჩენებს შორის — პლასტმასას ბოთლების 20% ზღვაში მდინარეებიდან ხვდება, მთლიანი ნაგვის 3% შუა ზღვაშია, ხოლო 5% სანაპიროებზე გვხვდება. პლასტმასას და სხვა დამბინძურებლების ასეთი რაოდენობა უკვე დიდ საფრთხეს უქმნის ზღვის ბინადრებს, მათ შორის ენდემური ქვესახეობის დელფინებს, რომლებიც მხოლოდ შავ ზღვაში ცხოვრობენ, საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის და მოქმედებს თევზის ხარისხზე (თევზი ჭამს პლასტმასას, ჩვენ ვჭამთ თევზს, პლასტმასა ხვდება ჩვენს ორგანიზმში). დაბინძურება იწვევს უამრავ დაავადებას, იქნება ვირუსული გასტროენტერიტი, სხვადასხვა იმუნური დარღვევა თუ კიბო.

არსებობს იმედი?

ფოტო: Noah Buscher

დიახ. ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება ავალდებულებს საქართველოს, მოარგოს ნარჩენების მართვის სისტემა ევროპულ სტანდარტებს. 2015 წელს ამოქმედდა 2016-2030 წლების ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია. ამ სტრატეგიის ძირითადი სამოქმედო ღონისძიებებია:

  • ნარჩენების შემცირება;
  • ხელახალი მოხმარება, გადამუშავება, აღდგენა;
  • ნარჩენების შეგროვება და ტრასნპორტირება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისა (EPR) და პრინციპის "დამბინძურებელი იხდის" დანერგვა;

ამ სტრატეგიების დასანერგად ევროკავშირის სხვადასხვა დონორი ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილია 25 მილიონ ევროზე მეტი.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას თავის მხრივ ამბიციური მიზნები აქვს იმ არსებული ნაგავსაყრელების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომლებიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. ასევე იგეგმება 7 რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის გახსნა რამდენიმე შემგროვებელი და ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პუნქტით, რომ ინფრასტრუქტურა უფრო ეფექტური და გარემოსთვის უსაფრთხო გახდეს.

თუმცა, ნარჩენების მართვის განვითარება შეფერხებების გარეშე არ მიმდინარეობს. 2021 წლის დასაწყისის სტრატეგიული გეგმების განხორციელება საშუალოდ ორი წლით იგვიანებს. მაგალითად — დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს საქართველოს უნდა გადაემუშავებინა ნარჩენების 30%, Parki ar minda-სშეფასებით კი ამჟამად 5%-ზე მეტი არ არის გადამუშავებული.

აქვე გვინდა უარვყოთ მითი, რომ საქართველოში ნარჩენები საერთოდ არ გადამუშავდება. არსებობს რამდენიმე ქარხანა, რომელიც გადაამუშავებს ქაღალდს, შუშას, პლასტმასას ბოთლებს, ავტომობილის საბურავებს, ხეს და ზეთებს. არსებობენ ელექტრონარჩენების შემგროვებლები, რომლებიც წარმოადგენენ უცხოურ გადამამუშავებელ ქარხნებს და აგროვებენ გადასამუშავებელ ნარჩენებს სხვადასხვა წარმოებიდან. Parki ar minda-ს ეკო-ტაქსი ასევე სთავაზობს ოჯახებს და კომპანიებს ნარჩენების გადასამუშავებლად გაგზავნის მოსახერხებელ სერვისს.

გადამუშავების დაბალი მაჩვენებელი ნაგებობების ნაკლებობით არ არის გამოწვეული, უბრალოდ არ არსებობს ინფრასტრუქტურა და საზოგადოებამ არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (EPR) ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია ამ სექტორის განვითარებისათვის. ეს არის პრინციპი, რომლის მიხედვითაც პროდუქტის მწარმოებლები იღებენ პასუხისმგებლობას მათ ბედზე მოხმარების შემდგომ. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პროცედურა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, კონკრეტული რეგულაცია უახლოეს მომავალში უნდა გამოქვეყნდეს. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის ნარჩენების მართვის მიდგომებსა და საშუალებებს და განავითარებს შეგროვება-გადამუშავების ინფრასტრუქტურას.

მაგრამ სისტემა წარმატებით იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნარჩენები სწორად დახარისხდება მომხმარებლის მიერ. ეს ნიშნავს, რომ ნარჩენების სწორი მართვა იწყება ჩვენს სახლებსა და ოფისებში. ჩვენ მეტი უნდა გავიგოთ ნარჩენების შესახებ და ვისწავლოთ, როგორ მოვეპყროთ მათ, იმის მაგივრად, რომ დაუფიქრებლად გადავყაროთ. უნდა დავაბრუნოთ ფასეული მასალები უკან წარმოების ჯაჭვში. ეს კი შეუძლებელია, თუ რაც შეიძლება მეტი ადამიანი არ შემოუერთდება დახარისხება-გადამუშავების პროცესს. და ჩვენ ეს ახლავე უნდა გავაკეთოთ. თუნდაც ისეთი ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამ, როგორიცაა პლასტმასას ბოთლების გადამუშავება, ერთჯერადი პარკებიდან და ყავის ჭიქებიდან მრავალჯერადი მოხმარების პარკებზე/ჩანთებზე და ჭიქებზე გადასვლა, სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია; მეტიც, ძალიან კარგი დასაწყისია იმისათვის, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მივუდგეთ ჩვენ მიერ წარმოებულ ნარჩენებს და შევამციროთ მათი რაოდენობა.

გაეცანით შემდეგ სტატიებს და გაიგეთ მეტი იმის შესახებ, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ პირად ან კორპორაციულ დონეზე და მიიღეთ პრაქტიკული რჩევები: