საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამოსავლის საპოვნელად განსაკუთრებული ყურადღება მმართველ გუნდს ეკისრება. ამის შესახებ მან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და იქვე აღნიშნა, რომ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი ქვეყნისთვის სასარგებლო არ არის.

"ეს შეხვედრა ტარდება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში თქვენი ქვეყნისთვის ბატონო პრემიერმინისტრო, რადგან შარშანდელი, შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირი იმეორებდა, რომ ყველა პოლიტიკურმა აქტორმა უნდა ნახოს საერთო და არსებულ სიტუაციაში გამოსავალი იპოვოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ახლა, როცა ქვეყანა ებრძვის კორონავირუსს და მასშტაბური რეფორმები აქვს განსახორციელებელი, ეს არის საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმა.

მთავრობისთვის ეს ნიშნავს ინკლუზიური ლიდერობის დემონსტრირებას. ნება მომეცით, ბატონ პრემიერმინისტრთან გავიმეორო, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას და მთავრობას, რომ იპოვოს გამოსავალი. ასევე, საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი არ არის სასარგებლო ფუნქციური დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის", — განაცხადა მან.

ბორელმა მოუწოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ და კომპრომისზე წავიდნენ.

მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი დიდი ხანია ცდილობს ფასილიტაციას, ახლა კი მედიაციაზე გადავიდა და ამ საკითხებზე ღარიბაშვილთან ბრიუსელში შეხვედრის დროსაც ისაუბრეს. მისი თქმით, ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე შარლ მიშელისა და კრისტიან დენიელსონისგან აქვთ.

"ჯერ შეთანხმება არაა მიღწეული, მაგრამ ბატონ პრემიერთან საუბრისას გავიგე, რომ პროგრესის მისაღწევად და კონსტურქციულ დიალოგზე პასუხისმგებლობას იღებენ. იგივე უნდა განახორციელოს ოპოზიციამაც. ბატონი დანიელსონი წარმოადგენს თავის წინადადებებს რამდენიმე დღეში. ორივე მხარემ უნდა დათმოს, რომ ყველასთვის მისაღები შედეგი იყოს მიღწეული", — განაცხადა მან.

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა და პრემირმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის ფარგლებში არსებული ურთიერთობები განიხილეს. პრესცენტრის თანახმად, ყურადღება გამახვილდა, ასევე, წევრობის მოსამზადებელ სტრატეგიაზე. განსაკუთრებით წევრობის იმ კრიტერიუმებზე, როგორებიცაა პოლიტიკური, ეკონომიკური კრიტერიუმები, კანონმდებლობა, ფინანსური თანამშრომლობა.

პრემიერმინისტრი ბრიუსელში 15 მარტს გაემგზავრა. ის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში იმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე — NATO-ში.

17 მარტს შეხვედრები შედგება ევროპარლამენტსა და ნატოში. საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.