საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის თქმით, "მისი გადასაწყვეტი არაა", ჩატარდება თუ არა საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები.

"ჩემი გადასაწყვეტი არ არის, უნდა ჩატარდეს თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები. ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ეუთომ ეს არჩევნები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად შეაფასა", — თქვა ბორელმა.

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში 15 მარტს გაემგზავრა. ის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში იმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე — NATO-ში.

17 მარტს შეხვედრები შედგება ევროპარლამენტსა და ნატოში. საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.