დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ეკლესიას ვაქცინაციის პროცესში თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

"ძალიან გთხოვთ, რომ გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში და ვითანამშრომლოთ იმიტომ, რომ მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში ექიმზე უფრო ძლიერ, ამიტომ გთხოვთ, რომ განსაკუთრებული თანამშრომლობა იყოს ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრისთვის, როგორც ყოველთვის ასეა და ჩვენთვის ყოველთვის პატივია საქართველოს ეკლესიასთან თანამშრომლობა, თქვენთან ერთად ყოფნა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად მივაღწევთ სასურველ შედეგს", — განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მათი როლი ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.

"მინდა ვთხოვო წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს, მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია. ტყუილად არ ვთქვი მე, რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში ვაქცინებმა და ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ვაქცინაცია არის მეცნიერულად დასაბუთებული და მოგეხსენებათ, ეკლესიას და მეცნიერებას ყოველთვის აქვს ძალიან სინერგიული დამოკიდებულება. ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს და სწორედ ვაქცინაციის სიკეთე მეცნიერულად არის დადასტურებული, რომელიც გამოსცადა კაცობრიობის ისტორიამ", — ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი.

15 მარტს საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა. მის გარდა, აიცრნენ ინფექციური საავადმყოფოს ექიმები, მათ შორის, მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე.

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა შაბათს, 13 მარტს შემოვიდა და ის განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის. შემდეგი ეტაპია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარებისა და პერსონალის აცრა, ამის მერე კი, ვაქცინას 75 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს გაუკეთებენ.

ვაქცინაციისთვის ქვეყანაში შერჩეულია 82 დაწესებულება, თუმცა პირველ ეტაპზე პროცესი 29 ცენტრში დაიწყება და კვირის განმავლობაში ახალი ამცრელი პუნქტები დაემატება.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 11 მარტს განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე აიცრება 43 200 ადამიანი და რადგან ეს ვაქცინა 2 დოზით კეთდება, მეორე დოზას აცრილები გაიკეთებენ მაშინ, როცა დამატებითიც შემოვა. მისი თქმით, იციან დროის მონაკვეთი, როცა გარანტირებულად მიიღებენ მეორე დოზებს და აქვთ დასტური, რომ შემოტანა გარანტირებულად მოესწრება.

გაიგეთ მეტი: