იმ შემთხვევაში, თუ ბაღში ლამაზად მოფენილი შემოდგომის ფოთლების ყურება თქვენც გსიამოვნებთ და მათი დაშლის ბუნებრივ პროცესს ხელს არ უშლით, ძალიან კარგად იქცევით. იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენს წკრიალა ბაღში ერთი ფოთოლიც კი არ გდია და სისუფთავის შესანარჩუნებლად ფოთლებს წვავთ ხოლმე, ალბათ არ იცით, რომ ამით გარემოს აზიანებთ და საკუთარ თავს და გარშემომყოფებს უქმნით საფრთხეს.

ხანდახან, შემოდგომით ეზოსა თუ ბაღში იმდენად ბევრი ფოთოლი გროვდება, რომ მათ თავიდან მოსაცილებლად საუკეთესო გზა ცეცხლის გაჩაღება გვგონია. თუმცა, არსებობს რამდენიმე ყურადსაღები მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ფოთლების დაწვა ძალიან ცუდი აზრი.

ჰაერის დაბინძურება და ჯანმრთელობის რისკები

აშშ-ს გარემოსდაცვითი სააგენტოს — EPA-ის მიხედვით, ფოთლების დაწვის დროს ჰაერში სხვადასხვა ტიპის ნაწილაკები გამოიყოფა, რომლებიც ჰაერს აბინძურებენ და ადამიანის ჯანმრთელობასაც უქმნიან საფრთხეს. ფოთლების წვის შედეგად გამოყოფილი კვამლი შეიცავს მთელ რიგ ტოქსინებს, კანცეროგენებსა და გამაღიზიანებლებს. კვამლში არსებული ნაწილაკები, შესაძლოა, ფილტვებში დაილექოს და წლების მანძილზე დარჩეს იქ. ისინი ზრდიან სასუნთქი გზების დაზიანებისა და ინფექციების რისკს, ამცირებენ ჰაერის რაოდენობას, რომელსაც ფილტვებამდე შეუძლია მიღწევა. იმ ადამიანების გარემოში კი, რომლებსაც ასთმა ან სხვა მსგავსი დაავადება აქვს, ფოთლების დაწვა, შესაძლოა, ძალიან სახიფათო იყოს.

გარდა ამისა, ფოთლების დაწვის შედეგად ატმოსფეროში ნახშირბადის მონოქსიდი — მხუთავი აირი გამოიყოფა. მისი ჩასუნთქვის შემდეგ CO სისხლში შეიწოვება, სადაც იგი იმ ჟანგბადის რაოდენობას ამცირებს, რომლის გადატანაც სისხლის უჯრედებს შეუძლია. ნახშირბადის მონოქსიდის ზემოქმედების მიმართ ყველაზე მგრძნობიარენი ბავშვები, მოხუცები, მწეველები და ის ადამიანები არიან, რომლებიც გულის ან ფილტვის ქრონიკული დაავადებით იტანჯებიან.

ფოტო: cloudinary.com

აღსანიშნავია ისიც, რომ ხმელ ფოთლებთან შედარებით, ტენიანი ფოთლები უფრო ნელა იწვიან და ამ პროცესის დროს კიდევ უფრო მეტ კვამლს გამოსცემენ. ასევე, ტენიანი ფოთლები უფრო ხშირად გამოყოფენ ნახშირწყალბადებს, რომლებიც თვალების, ცხვირის, ყელისა და ფილტვების გაღიზიანებას იწვევს, ზოგიერთი მათგანს კი კანცეროგენული თვისებებიც აქვს.

ხანძრის საფრთხე

დიდი გროვიდან თითოეული ცალკეული ფოთოლი, რომელიც ნაწილობრივ იწვის, პოტენციურად, შესაძლოა, თავის აალებულ ნაწილაკებთან ერთად ქარს გაჰყვეს და ცეცხლის გაჩენისთვის ხელსაყრელ პირობებში აღმოჩნდეს. იმ შემთხვევაში, თუ მშრალ ადგილას ცხოვრობთ, სულ პატარა ნაპერწკალიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ერთი უწყინარი კოცონი კატასტროფად იქცეს. ასე რომ, ფოთლების დაწვა არამხოლოდ თქვენ, თქვენს გარშემო მცხოვრებ ადამიანებს და ბუნებასაც უქმნის საფრთხეს.

ამ და ზემოთ ჩამოთვლილი სხვა მიზეზების გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ფოთლების დაწვა არაკანონიერია. იმის გასაგებად, თქვენს ეზოში ფოთლების დაწვით არღვევთ თუ არა კანონს, ადგილობრივ სახანძრო განყოფილებას უნდა მიმართოთ. ამჟამად საქართველოში, ეზოში ფოთლების დაწვასთან დაკავშირებით კანონი არ არსებობს, თუმცა ისედაც აშკარაა, რომ ფოთლების დაწვის უარყოფითი მხარეები მნიშვნელოვნად აჭარბებს მის უპირატესობებს.

რის გაკეთება შეგიძლია სანაცვლოდ?

EPA-ის რეკომენდაციით, ფოთლების თავიდან მოსაცილებლად ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად გამართლებული გზა მათგან კომპოსტის დამზადებაა. ამ გზით ფოთლები — ორგანული მასალა ბუნებრივად იშლება, ჰაერში მავნე ნივთიერებების გამოყოფისა და ხანძრის გაჩენის გარეშე და, საბოლოოდ, ეფექტიან და ჯანსაღ სასუქსაც ვიღებთ.

კომპოსტირების გარდა, შემოდგომის ფოთლების გამოყენების სხვა გზებიც არსებობს — მაგალითად, შეგიძლიათ ეზოში ერთი დიდი გროვა გააკეთოთ და დაუსრულებლად იხტუნაოთ მასში. იმ შემთხვევაში კი, თუ ფიქრობთ რომ უკვე საკმარისად გაერთეთ და გინდათ საბოლოოდ თავიდან მოიცილოთ ფოთლები, ისინი ბალახის საკრეჭით უნდა დააქუცმაცოთ და მიწაზე მოაფრქვიოთ — დაჭრილი ფოთლები ბევრად უფრო სწრაფად დაიშლება და მალევე იქცევა ნიადაგის ნაწილად.