კარენ ფოქსის იორკშირ ტერიერის, კონორის გაუჩინარების ამბავი გასაოცარი შედეგით დასრულდა. ყველაფერი 2008 წელს დაიწყო, როცა 3 წლის კონორი ნეშვილში, საკუთარი სახლის ეზოდან წითელი სატვირთოთი გაიტაცეს. კარენი და მისი შვილი გამტაცებელს დაედევნენ, თუმცა ქურდმა მიმალვა შეძლო. ოჯახი იორკშირ ტერიერს თვეების განმავლობაში ეძებდა და ბოლოს იმედი გადაეწურათ.

2021 წლის 4 მარტს, ფოქსს ნეშვილის ცხოველთა კონტროლის ცენტრიდან დაურეკეს. გაუჩინარებიდან 13 წლის შემდეგ კონორი გამოჩნდა. 16 წლის იორკი უცნობმა ქალმა სამეზობლოში მარტო მყოფი შენიშნა, ძაღლი გაუჩერებლად ყეფდა.

ფოტო: Tennessean

კონტროლის სამსახურში კონორის მიკროჩიპი დაასკანერეს და მისი საკონტაქტო ინფორმაცია აღმოაჩინეს, რის შემდეგაც ის ძველ პატრონს დაუბრუნეს. იორკი კარენთან უპრობლემოდ მივიდა, მუხლზე ჩაუმოუჯდა და სახეზე ლოკვა დაუწყო. ძაღლს ფეხიც და კბილებიც დაზიანებული აქვს, აღენიშნება თვალის ინფექციაც. იგი უკვე ძველ სახლშია და ლეკვობის დროინდელი შემოგარენიც მშვენივრად ახსოვს.