ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. საქმე ეხებოდა ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან მამალაძის გავრცელებულ ინფორმაციას ჟურნალისტების შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

"გამოძიების ინტერესის საგანს წარმოადგენდა, სად გავეცანი ლევან მამალაძის ინტერვიუს. აინტერესებდათ, თავად ხომ არ თავად ხომ არ გავარკვიე რამე მე ლევან მამალაძის მიერ თქმულ ჩემი და მაკა ჩიხლაძის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო საქმესთან დაკავშირებით და ვუთხარი, რომ არა. აინტერესებდათ, ხომ არ მქონდა კომუნიკაცია ან ლევან მამალაძესთან ამ ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, ან ლევან მამალაძის მიერ დასახელებულ პირებთან, რომლებიც სავარაუდოდ გეგმავდნენ ჩემი სიცოცხლის მოსპობას, ან მანამდე თუ ვიცნობდი მათ და მქონდა თუ არა კომუნიკაცია", — განაცხადა დაკითხვიდან გამოსულმა მელაძემ.

ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ლევან მამალაძემ იმედის ეთერში აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გეგმავს TV პირველის ჟურნალისტების, ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაციას. გამოძიება სწორედ ამ საქმეზე, სიხლის სამართლის კოდექსის 18-109 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.

11 მარტს TV პირველმა მიიღო სასამართლოს განკარგულება, რომლითაც დაკმაყოფილდა პროკურატურის მოთხოვნა ტელეკომპანიიდან ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბრის ჩანაწერების ამოღების შესახებ. განკარგულებაში წერია, რომ თუ TV პირველი არ მიაწოდებს ჩანაწერების შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს, მათ უფლება აქვთ წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.

ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო საზოგაოდებამ ეს მედიაზე ზეწოლის და წყაროს გაცემის იძულების საფრთხედ შეაფასეს. TV პირველში აღნიშნეს, რომ სასამართლომ პროკურატურას ტელევიზიაში შეჭრის უფლება მისცა. მოგვიანებით პროკურატურაში განაცხადეს, რომ განჩინება ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღებაზეა და არა ოფისის ჩხრეკაზე. მათი მტკიცებით, ტელევიზიაში შეჭრას არ აპირებენ.

TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე, სავარაუდოდ, იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება კერძო საუბრის უკანონო მიყურადების, ჩაწერისა და გავრცელების მუხლით დაიწყო.

უწყება არაფერს ამბობს იმაზე, დაინტერესდა თუ არა სავარაუდო ძალადობის ფაქტებით, რაზეც ჩანაწერშია საუბარი.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად.

სამი დღის შემდეგ, 9 მარტს, ბერა ივანიშვილმა განაცხად, რომ 2011 წელს მისი ფანების მშობლებმა ბულინგის შესახებ აცნობეს და დაცვის სამსახურმა "ყველა კანონის, მორალის დაცვით მოინახულა" ისინი. ბერა ივანიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, აუცილებლად მოსთხოვს პასუხს დღესაც.

გაიგეთ მეტი: