ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე TV პირველის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურაში მისვლასა და გამოკითხვაში მონაწილეობას არ აპირებენ და ამაზე პროკურატურა ინფორმირებულია.

"ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე არ აპირებენ პროკურატურაში მისვლას და გამოკითხვაში მონაწილეობას მათ მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ პროკურატურა ინფორმირებულია ჩემს მიერ. სამწუხაროა, რომ პროკურატურა თავად აუდიო ჩანაწერით აქამდე არ დაინტერესებულა, რომლის გადაცემის მზაობას ვაცხადებდით და ვაცხადებთ", — წერს მშვენიერაძე ფეისბუქგვერდზე.

11 მარტს TV პირველმა მიიღო სასამართლოს განკარგულება, რომლითაც დაკმაყოფილდა პროკურატურის მოთხოვნა ტელეკომპანიიდან ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბრის ჩანაწერების ამოღების შესახებ. განკარგულებაში წერია, რომ თუ TV პირველი არ მიაწოდებს ჩანაწერების შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს, მათ უფლება აქვთ წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.

ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო საზოგაოდებამ ეს მედიაზე ზეწოლის და წყაროს გაცემის იძულების საფრთხედ შეაფასეს. TV პირველში აღნიშნეს, რომ სასამართლომ პროკურატურას ტელევიზიაში შეჭრის უფლება მისცა. მოგვიანებით პროკურატურაში განაცხადეს, რომ განჩინება ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღებაზეა და არა ოფისის ჩხრეკაზე. მათი მტკიცებით, ტელევიზიაში შეჭრას არ აპირებენ.

TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე, სავარაუდოდ, იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება კერძო საუბრის უკანონო მიყურადების, ჩაწერისა და გავრცელების მუხლით დაიწყო.

უწყება არაფერს ამბობს იმაზე, დაინტერესდა თუ არა სავარაუდო ძალადობის ფაქტებით, რაზეც ჩანაწერშია საუბარი.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად.

სამი დღის შემდეგ, 9 მარტს, ბერა ივანიშვილმა განაცხად, რომ 2011 წელს მისი ფანების მშობლებმა ბულინგის შესახებ აცნობეს და დაცვის სამსახურმა "ყველა კანონის, მორალის დაცვით მოინახულა" ისინი. ბერა ივანიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, აუცილებლად მოსთხოვს პასუხს დღესაც.

გაიგეთ მეტი: