ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ჯერ როჯერ ფედერერის დამარცხებამ, შემდეგ კი დოჰას ტურნირზე გამარჯვებამ ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში საყოველთაო განხილვები გამოიწვია: სასულიერო პირებით დაწყებული და პარლამენტის წევრებით დამთავრებული, ყველამ გამოთქვა აზრი. ამან საზოგადოებრივ განწყობებზე დაკვირვების საშუალება მოგვცა, მე კი კიდევ ერთხელ გამახსენა, თუ რატომ არ მიყვარს სპორტი.

დღემდე სრულიად ბუნებრივი, მიღებული და მისასალმებელია, რომ მცირე ასაკიდანვე ბავშვი სპორტით იყოს დაკავებული: თუ თავად არასაკმარის დროს ატარებს ეზოში სხვა ბავშვებთან ერთად ფეხბურთის ან კალათბურთის თამაშში, მშობლები, როგორც წესი, სპეციალურ დაწესებულებას მიაბარებენ ხოლმე, რათა სპორტის რომელიმე სახეობას დაეუფლოს, გაძლიერდეს, გაჯანსაღდეს, გაკაჟდეს.

გარკვეულ ასაკამდე მეც ძალიან მიყვარდა ეზოში ან სტადიონზე მეგობრებთან ერთად თამაში, მაგრამ როგორც კი დაახლოებით ათი წლის ასაკს მივუახლოვდი და შეიძლება გადავცდი კიდეც, ჩემ გარშემო მოულოდნელი ცვლილება შევნიშნე: ბურთით მოთამაშეები მხოლოდ ბიჭები დავრჩით. გოგოები, რომლებიც მანამდე ტოლს არ გვიდებდნენ სირბილში, ხელის გადაწევასა და ჭიდაობაშიც კი, მოულოდნელად გაქრნენ. მაშინ მიზეზები არ ვიცოდი და ალბათ, არც მიფიქრია ამაზე, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ფეხბურთი, ბიჭებთან ერთად სირბილი და დაღამებამდე გარეთ ყოფნა მათთვის აიკრძალა — ახტაჯანები, ქალაბიჭები ხომ არ იყვნენ.

სანაცვლოდ მათი დღის განრიგი სახლის საქმეებით განისაზღვრა: დედებს, ბებიებს საშინაო შრომაში უნდა დახმარებოდნენ — სახლის დალაგებაში, საჭმლის მომზადებასა და ჭურჭლის დარეცხვაში ჯერ ხელი უნდა წაეშველებინათ, დროთა განმავლობაში კი უფრო სერიოზულად გადმოებარებინათ ეს პასუხისმგებლობა. მათ საზოგადოების მიერ გაწერილი იმ როლების მოსარგებად ამზადებდნენ, რასაც ქალობა, ცოლობა და დედობა ჰქვია.

ამ დროს კი ბიჭები ყირაზე გადავდიოდით და სახლში გვიან თუ მივიდოდით, თუნდაც სრულად გავერანებული ტანსაცმლით და მოთხვრილი ცხვირ-პირით, რაც არ უნდა მკაცრად ესაყვედურებინათ, იმას მაინც არავინ გვეტყოდა, რომ ბიჭებისთვის შეუფერებლად ვიქცეოდით.

ფეხბურთის თამაში ჩვენთვის პრივილეგია იყო.

მაღალმთიან აჭარაში გავიზარდე და ვიცი, რომ საშინაო შრომას მცირე ასაკიდან არც ბიჭები არიან მოწყვეტილი: მოსავლის აღებაში, ზამთრისთვის შეშის მომარაგებასა თუ საქონლის მწყემსვაში მონაწილეობის მიღება ბიჭებსაც გვევალებოდა, მაგრამ ამის მიუხედავადაც, იმაზე გაცილებით მეტი თავისუფლება გვქონდა, ვიდრე ჩვენ თანატოლ გოგოებს. ისე აღმოჩნდნენ ისინი ძირითადად სახლის კედლებს შორის, რომ არც გვიფიქრია, ეზოდან მიღწეული ჩვენი ჟივილ-ხივილი უკვე როგორი შორეული იყო მათთვის.

ფოტო: Artsy / David Benthal

ერთია, ვინ დავრჩით ეზოებსა და მოედნებზე, ხოლო მეორე — როგორი იყო ჩვენი ბიჭური თამაშები. ყველამ კარგად ვიცით იმ საზარელი ფაქტების შესახებ, როცა მოზარდებმა ერთმანეთი არ დაინდეს, ცივსისხლიანად სცემეს ან მეტიც, მოკლეს კიდეც. ასეთ დროს რეკომენდაციებიც კი მსმენია, რომ აი, ქუჩაში დგომისთვის რომ ნაკლები დრო ჰქონდეთ ბიჭებს და სპორტით იყვნენ დაკავებულები, დაგროვილ ენერგიას (ხანდახან "აგრესიასაც" ახსენებენ) სულ სხვა რამისკენ მიმართავენო. მე კი პირადი გამოცდილებით მჯერა, რომ რაც არ უნდა უწყინარი ჩანდეს ასეთი სპორტული თამაშები, ხშირად მისი ხასიათი სწორედ ბიჭური გარჩევებისგან არაფრით განსხვავდება.

თავი რომ დავანებო ყველა იმ ფიზიკურ დაპირისპირებას და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რომელსაც ბიჭები სპორტული თამაშის დროს ერთმანეთს აყენებენ ("კაცები არიან, ერთმანეთში მორიგდებიან"), მხოლოდ იმ ერთ დაკვირვებაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელმაც ჯერ კიდევ წლების წინ გამიჩინა პროტესტი. წარმოიდგინეთ, ერთი ქუჩიდან თუ მეზობელი უბნებიდან თავშეყრილი ბავშვები, რომლებიც ფეხბურთის თამაშს აპირებენ. რა უნდა სურდეთ მათ ყველაზე მეტად? დროის ერთად მხიარულად გატარება. თუმცა ხშირად ამ სურვილს ძალაუფლების გამოვლენა, სხვაზე უპირატესობის დამტკიცება სძლევს — ვის აირჩევენ თავის გუნდში და ვინ დარჩება უკანასკნელი, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში იძულებით ემატება რომელიმე გუნდს. მსგავსი თამაშები ყოველთვის ძლიერებისაა. თუ ზედიზედ რამდენჯერმე აღმოჩნდება ისე, რომ შენთან ერთად თამაში დიდად არავის ეხალისება, ესე იგი რაღაც პრობლემაა, საკმარისად კარგი არ ხარ და ამ ბიჭური სამყაროდან გაირიყები. სანამ ეგ უკანასკნელი მე აღმოვჩნდებოდი, მანამდე მზარავდა იმის წარმოდგენა, რომ შეიძლება მეც ვყოფილიყავი იმის ადგილას, ვისაც შემდეგ სხვადასხვა ზედმეტსახელითაც მოიხსენებენ ან სულაც სათამაშოდ აღარასდროს დაუძახებენ.

სპორტი ძლიერების თამაშია. ეს არის ცხოვრების რეპეტიცია, რომელიც შეგახსენებს, რომ ამ სამყაროში ვერ გადარჩები, თუ ფიზიკურად საკმარისად გამძლე არ ხარ. მუდმივი შეჯიბრის, კონკურენციის პირობებში უნდა გამოიწრთო თავი. მხოლოდ საუკეთესო უნდა იყო, რომ პატივი გცენ, მშობლებმა იამაყონ შენით, ბევრი მეგობარი გყავდეს. სანაცვლოდ კი უნდა არსებობდნენ სუსტები, რომელთა შესაძლებლობებზეც ბევრი ხუმრობის მოფიქრება შეიძლება.

"დამარცხებულები" უმნიშვნელოები არიან, რადგან მარცხი რთულად ეპატიება ვინმეს.

ფოტო: Artsy / David Benthal

ერთხელ, როცა მერვე-მეცხრე კლასში ვიყავი, სკოლის შიდა ჩემპიონატი გაიმართა კალათბურთში. მაგ დროს უკვე მოსაწყენი, "ათოსანა" მოსწავლე ვიყავი, რომელიც სპორტით გატაცებული სულაც არ იყო, თუმცა ჩემი კლასის (ბიჭების) გუნდს მოთამაშე აკლდებოდა და დამიმატეს. ისე აღმოჩნდა, რომ ურიგოდ არ ვითამაშე: ქულებიც კი მოვუტანე ჩემს გუნდს. მახსოვს, ცოტა ხნით მაშინვე შეიცვალა დამოკიდებულება ჩემ მიმართ, თანატოლმა ბიჭებმა სხვა თვალითაც შემომხედეს, უი, შენც შეგძლებია რაღაცო. უკვე მაშინაც აუტანელი იყო ჩემთვის იმის გაცნობიერება, რომ ერთმანეთზე წარმოდგენები კალათში ბურთის ჩაგდებას შეიძლება განესაზღვრა — ვიღაცას ჩემთან მეგობრობა, საუბარი რომ მონდომებოდა და თანასწორად ჩავეთვალე, ფიზიკურად სათანადოდ ძლიერი, კაცური უნდა ვყოფილიყავი.

სპორტი პატრიარქალური თამაშია. იმისთვის, რომ კაცებმა ერთმანეთს კაცობა დაუმტკიცონ, სხვადასხვა საშუალება სჭირდებათ და მათ შორის ერთ-ერთი გზა ვიღაცის კარში გოლის გატანა, კალათში ბურთის ჩაგდება, მოწინააღმდეგის მხარზე მოგდება თუ სიმძიმის აწევაა. აქ კი ქალების ადგილი არაა — კაცებმა უნდა ითამაშონ და კაცი მაყურებლები უნდა ჰყავდეთ (მათთან თავი რომ გააიგივონ). მართალია, დღეს უკვე სპორტის ყველა სახეობას ჰყავს ქალი მონაწილეები, მაგრამ ისინი კაცის მზერისთვის ისეთივე ღირსებას კიდევ დიდხანს ვერ მოიპოვებენ, როგორსაც კაცების "ნამდვილი" სპორტი იმსახურებს: არსებობს ფეხბურთი (კაცების) და არსებობს "ქალების ფეხბურთი", არსებობს ძიუდო (კაცების) და არსებობს "ქალების ძიუდო".

ცხადია, სპორტს ჰყავს გულშემატკივარი ქალებიც, თუმცა ამას ჯერ არ შეუცვლია გულანთებული ქომაგების მიერ კვამლის გამოშვების მეთოდები: დამარცხების შემთხვევაში სხვების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, სტადიონების აოხრება და სხვა ძალადობრივი ქმედებები ძალიან ხშირი თუ არა, არც ისე იშვიათია. ამის გარეშეც, ჩემთვის სპორტში ქალების გამოჩენა როგორც მონაწილეების, ისე მაყურებლების სახით, ისევე ვერ ცვლის დიდად საერთო სურათს, როგორც ჯარში ქალების გაწვევა: ის კვლავ მკვეთრად მასკულინურ, პატრიარქალურ სანახაობად რჩება.

სპორტის მიმართ დამოკიდებულებაზე, საერთო ვნებაზე მეტყველებს ის ენაც, რომელსაც ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანები იყენებენ: "შეუდო", "რა შეუსრულა", "ჩაუდო" და ა.შ. ეს სლენგი, რომლითაც ძირითადად ერთი მხარის მიერ მეორეზე გამარჯვებას აღწერენ, კაცების სექსუალურ ფანტაზიასთან იკვეთება: მეტოქის დამარცხება ქალის სხეულის დაუფლებასთან იგივდება. შესაბამისად, ეს ერთი მხრივ იმას გვაჩვენებს, რომ სპორტი უბრალოდ "ჯანსაღი ცხოვრების წესი" ან "დროის გასაყვანი საშუალება" კი არაა, არამედ "მამაკაცურობის" ამაღლების ხელოვნური ტესტოსტერონია; მეორე მხრივ კი ისევ და ისევ ააშკარავებს, რომ ქალის სხეულის "დაპყრობა" მოწინააღმდეგის "დამარცხებას" უდრის. აქ ძლიერი-სუსტი, გამარჯვებული-დამარცხებული, დომინანტი-მორჩილი, კაცი-ქალი უცვლელი ბინარულობაა და ვინც მასში ვერ ჩაეწერება, ავტომატურად გაირიყება.

ის, რომ სპორტი მეტია, ვიდრე "ძმობა მოგებასა და წაგებას შორის", ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვების შემდეგ ქართველი გულშემატკივრების არც ისე მცირე ნაწილის პირველმა, აფექტურმა რეაქციებმაც ცხადყო: მათ მაშინვე ბასილაშვილის ყოფილ ცოლზე, ნეკა დოროყაშვილზე გადაიტანეს აქცენტი და ჩოგბურთელის გამარჯვებით წინასწარი პირადი მოლოდინები გაიმყარეს — ცოლზე ძალადობის ბრალდებები კიდევ უფრო უმნიშვნელო გახდა ასეთი წარმატების შემდეგ. მეტიც, სურათი შემდეგნაირად დაიხატა: ნიკოლოზ ბასილაშვილი — ძლიერი, ჭკვიანი, გამარჯვებული მამაკაცი, ნეკა დოროყაშვილი კი ანგარებიანი ქალი. ვის დაუჭერს მხარს ქართველი ერი, ვის სიტყვას ექნება მეტი ფასი? განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ბასილაშვილმა ჩემპიონობის სამადლობელო სიტყვაში თავის შვილს ემოციურად მიმართა "მამიკოო", ჩვენთვის კი ხომ ასე ძალიან უცხოა მამების მხრიდან გრძნობების გამოხატვა, უცებ აუჩუყა ყველას გული.

ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვების გამო ფანების ნაწილი ღია აგრესიას სოციალურ ქსელებში არა მხოლოდ ნეკა დოროყაშვილის, არამედ მისი ადვოკატებისა და ქალთა უფლებადამცველების წინააღმდეგაც გამოხატავდნენ.

ფოტო: Facebook / Screenshots

როცა სპორტის გულშემატკივრები რომელიმე სპორტსმენს ან სულაც სპორტის სახეობას ეროვნულ სიამაყეს, საერთო პრინციპის საკითხს უწოდებენ, ამაში ბოლომდე ვეთანხმები მათ. კი, ეს ნამდვილად ასეა: სპორტი ნაციონალიზმის განუყრელ ნაწილად იქცა და დღეს, როცა ლამის შეუძლებელია (განსაკუთრებით ჩვენნაირი ქვეყნებისთვის), ახალი მიწები დაიპყრო და სხვა ხალხები დაიმორჩილო, ნაციონალისტური ვნების გამოვლენა, სხვა ერებზე უპირატესობის დამტკიცება მხოლოდ მისი საშუალებითღა თუ ხერხდება.

ასეთ დროს მთელი ერი სპორტსმენში განსხეულდება ხოლმე და ასე მოხდა ახლაც: ნატანჯმა, ღარიბმა, ოკუპირებულმა საქართველომ არა თუ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვება იზეიმა, არამედ თავად იქცა ნიკოლოზ ბასილაშვილად თავისი ცისფერი თვალებით, ჰეტეროსექსუალობით, ევროპელი შეყვარებულით, წარმატებით, გამარჯვებით და... სავარაუდო ძალადობითაც, თუმცა ეს რა სალაპარაკოა.

ვინც ცოლზე ძალადობაში ბრალდებულის გამარჯვების საერთო ჟრიამულს არ შეუერთდა, ამუნათებენ, ჯერ ხომ დანაშაული არ დადასტურებულა, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაიცავითო. უამრავი კრიმინალური ისტორიის საჯარო განხილვები მოგვისმენია და ამ სიტყვებს ასე ხშირად პირველად იყენებენ, თანაც სრულიად უადგილოდ და უშინაარსოდ. მე მაინც მჯერა, ნიკა ბასილაშვილის დანაშაული ყველა ინსტანციის სასამართლოს მიერაც რომ დადასტურდეს, ეს ბევრისთვის არაფერს შეცვლის: მისი წარმატება უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ოჯახურ ძალადობაში ბრალეულობა. ბასილაშვილის გამარჯვება საჯარო, საერთოა, ნეკა დოროყაშვილის შემთხვევა კი "ოჯახური პრობლემა", "პირადი სივრცეა".

ამის გამო ისევ ის გოგოები მახსენდებიან, რომელთა ჰორიზონტიც ყმაწვილობიდან სახლის კედლებით შემოსაზღვრეს და თუ ერთხელაც ისინი გაბედავენ იმის თქმას, რომ ამ სივრცეში ძალადობის მსხვერპლები არიან, ეკრანზე, სტადიონზე, პარლამენტში, სცენაზე, ქუჩაში თავისუფლად მონავარდე კაცებს წამით მოვწყვეტთ თვალს და დინჯად მივუგებთ: ჩუ, ყველაფერი პირადი გარეთ ნუ გამოგაქვს, ოჯახში მოგვარდი.