20 მარტს, ინტერდისციპლინარული ფორუმი თიბისი კონცეპტის სივრცეში მიმდინარე გამოფენის — მარჯანიშვილის უბანი — არქიტექტურა, პოლიტიკა და იდენტობა — ფარგლებში ჩატარდება.

საგანმანათლებლო ლექციებს ლიტერატურის, კულტურის და არქიტექტურის სფეროს წამყვანი პროფესიონალები წაიკითხავენ. ერთდღიანი ფორუმის მიზანი სფეროში დაგროვილი გამოცდილების და ხედვების გაზიარებაა ურბანულ, პოლიტიკურ და სოციო-ეკონომიკურ ჭრილში.

ღონისძიების განრიგი ასეთია:

  • 12:00-13:00 — თბილისის არქიტექტურის ბიენალეს პანელი;
  • 13:00-13:45 — თიკო ხომერიკი — ანთროპოლოგი ურბანულ ლაბირინთში;
  • 13:45-14:15 — შესვენება;
  • 14:30-16:15 — ლაშა ბაქრაძე — ლიტერატურა მუზეუმში;
  • 16:15-17:00 — ირინა ქურთიშვილი — სახელოვნებო სფეროს გამოწვევები დღეს.

პროექტი — მარჯანიშვილის უბანი თბილისის არქიტექტურის მე-2 ბიენალესთვის შეიქმნა და არქივების სახით ამ უბნის ისტორიებს აერთიანებს. მათ შორისაა: 1980-1990-იან წლებში უბნის რეკონსტრუქციის არქიტექტურული არქივი; 2000-იანი წლების თიბისის სათაო ოფისის შენობის სარესტავრაციო მასალები; ასევე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული გალაკტიონის დღიურების ჩანაწერები, რომლებსაც გამოფენაზე ფართო საზოგადოება ორიგინალის სახით იხილავს.

აღსანიშნავია, რომ გალაკტიონ ტაბიძე ერთ დროს, სწორედ მარჯანიშვილის (ყოფილი ჟორესის) ქუჩაზე, №4 სახლში, მეორე სართულზე ცხოვრობდა. გამოფენის კურატორია ხელოვანი და სცენოგრაფი — ირინა ქურთიშვილი.

ლექციებზე ფიზიკურად დასწრება შეზღუდული რაოდენობით იქნება შესაძლებელი. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ლექციები თიბისი კონცეპტის Facebook გვერდზე.

ლექციებზე ფიზიკურად დასწრების მსურველებს რეგისტრაცია თიბისი კონცეპტის ვებ-გვერდის მეშვეობით შეეძლებათ.

გამოფენის პარტნიორები არიან: გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისის არქიტექტურის ბიენალე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული არქივი და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო.