აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ნინოწმინდაში კომპიუტერის შემსწავლელ წრეზე კომპიუტერები არ აქვთ. ამის შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტშია საუბარი.

მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულება ფუნქციონირებს, რომელსაც ძირითადად ბავშვებისთვის სხვადასხვა მიმართულების უნარ-ჩვევების განვითარება ევალება. როგორც აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ-ის დაფინანსებისთვის სულ 112 ათასი ლარი დაიხარჯა.

ა(ა)იპ-ში 15 სხვადასხვა მიმართულების წრე არის შექმნილი, მათ შორის ერთი კულინარიის და ორი — კომპიუტერის შემსწავლელი. აუდიტის ჯგუფის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებას არ აქვს კომპიუტერები და კულინარიის შესწავლისთვის აუცილებელი სამზარეულოს ინვენტარი.

როგორც აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, ამ წრეების შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ დაასაბუთეს რამდენად ეფექტიანია სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულების მიერ ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაო, დახარჯულ ფინანსურ რესურსთან მიმართებით.