ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკებების გაგრძელება იმის შანს იძლევა, რომ დიალოგი წარმატებით დასრულდეს. დანიელსონთან მმართველი პარტიის ლიდერების მორიგი შეხვედრა ამ წუთებში იწყება.

"წინადადებები, რომლებიც დოკუმენტში არის წარმოდგენილი არის მთლიანად ჩვენი წინადადებები, მათ არაფერი წარმოუდგენიათ გარდა იმისა, რომ გვამადლიან პარლამენტში შემოსვლას. დღეს გაგრძელდება დიალოგი, რომელიც უნდა გაგრძელებულიყო წესით ბატონი დანიელსონი დაბრუნების შემდეგ. კარგია, რომ ის არ წავიდა ბრიუსელში და ის აგრძელებს კონსულტაციებს. ეს იძლევა ძალიან კარგ შანსს, იმისათვის, რომ ეს დიალოგი წარმატებით დასრულდეს", — განაცხადა შეხვედრაზე შესვლამდე ირაკლი კობახიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეხვედრები 14 მარტს უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც შარლ მიშელის წარმომადგენელმა თბილისში ვიზიტი ერთი დღით გადადო.

დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.

მას შემდეგ, რაც სავრაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი გავრცელდა, მოლაპარაკების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ოპოზიციის ნაწილმა მოითხოვა, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს აღარ დაესწროს, თუმცა ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.

გაიგეთ მეტი: