აიცერი, ვაქცინა გვიცავს! — ჯანდაცვის სამინისტრო მედიკოსებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და საინფორმაციო კამპანიას იწყებს. ექიმები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები ვაქცინაციის პროცესში, საერთო სახის რეკომენდაციებს ავრცელებენ და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებენ.

"AstraZeneca-ს ვაქცინა არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული და იგი უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის მკაცრ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა და სიკვდილიანობის რისკს. ვაქცინა პანდემიის დასასრულია. სპეციალისტების განცხადებით, აცრის პირველი დოზის მიღების შემდეგ, მოქალაქე ინფიცირებისგან დაცულია. აუცილებელია ვაქცინის ორივე დოზის მიღება სრული იმუნიტეტის მისაღწევად", — აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაქცინის ორივე დოზა მიღებული გაქვთ, სოციალური დისტანციისა და პირბადის ტარება აუცილებელია. ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად, აცრის დრო წინასწარაა ჩანიშნული.

ჯანდაცვის უყებაში აცხადებენ, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა 3 თვეზე მეტია გაერთიანებულ სამეფოში, ევროკავშირის ქვეყნებში, კანადაში, ავსტრალიაში და მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება. მათივე ინფორმაციით, ევროკავშირში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრილია 5 მილიონი, გაერთიანებულ სამეფოში 11 მილიონზე მეტი ადამიანი.

საქართველოში მედპერსონალის ვაქცინაცია AstraZeneca-ს ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა. მის გარდა, აიცრნენ ინფექციური საავადმყოფოს ექიმები, მათ შორის, მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე.

დღესვე, იგეგმება იმ ექიმების აცრაც, რომლებიც პანდემიის პერიოდში მედიასთან კორონავირუსთან დაკავშირებით საუბრობდნენ. სავარაუდოდ, ამის მიზანი კოლეგებისთვის მაგალითის მიცემაცაა.

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა შაბათს, 13 მარტს შემოვიდა და ის განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის. შემდეგი ეტაპია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარებისა და პერსონალის აცრა, ამის მერე კი, ვაქცინას 75 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს გაუკეთებენ.

ვაქცინაციისთვის ქვეყანაში შერჩეულია 82 დაწესებულება, თუმცა პირველ ეტაპზე პროცესი 29 ცენტრში დაიწყება და კვირის განმავლობაში ახალი ამცრელი პუნქტები დაემატება.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 11 მარტს განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე აიცრება 43 200 ადამიანი და რადგან ეს ვაქცინა 2 დოზით კეთდება, მეორე დოზას აცრილები გაიკეთებენ მაშინ, როცა დამატებითიც შემოვა. მისი თქმით, იციან დროის მონაკვეთი, როცა გარანტირებულად მიიღებენ მეორე დოზებს და აქვთ დასტური, რომ შემოტანა გარანტირებულად მოესწრება.

გაიგეთ მეტი: