დროის ცვლილებასთან ერთად, იცვლებიან ადამიანებიც. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება დღითიდღე ჩქარდება და იმისათვის, რომ მის ტემპს ფეხი ავუწყოთ, მუდმივად ვცდილობთ გარკვეული საქმიანობა გავიმარტივოთ. ეს, რა თქმა უნდა, დიდმა კომპანიებმაც იციან და როცა საქმე მათ პროდუქტს ეხება, ისინი მუდმივად ცდილობენ მის განვითარებასა და დახვეწას.

მომხმარებლები, რიგ შემთხვევებში, ძალიან პრეტენზიულები ვართ. სწორედ ამიტომ, თანამედროვე მეთოდებით, ყველა წარმატებულ კომპანიას უწევს უშუალოდ მომხმარებელთან ურთიერთობა, მათი სურვილებისა და მოთხოვნების გამორკვევა და შემდგომში დაკმაყოფილება.

ამ ყველაფრის შესახებ შეგვიძლია საქართველოს ბანკის მაგალითზე ვისაუბროთ. კომპანიამ, სულ ახლახან, ინტერნეტბანკის განახლება გადაწყვიტა და დღეს ის არის თანამედროვე, მოქნილი, ინოვაციური პროდუქტი, დახვეწილი დიზაინითა თუ ნავიგაციით.

რატომ გახდა ინტერნეტბანკის დიზაინის განახლება საჭირო

იმისათვის, რომ პროდუქტის დიზაინი თითოეულ ადამიანს მოერგოს, კოლოსალური შრომაა საჭირო და ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ მაინც გამოჩნდება ვინმე, ვინც ჩვენ ნამუშევარს დაიწუნებს. თუმცა იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მინიმუმადე იყოს დაყვანილი, აუცილებელია კვლევების წარმოება, მომხმარებელთა შეფასებების გულისყურით მოსმენა და მათი წუხილების გათვალისწინება.

"ჩვენ ვაწარმოეთ კვლევა ინტერნეტბანკის მომხმარებელთა შორის, დავსახეთ მიზნები, რომლებიც უნდა გამოგვესწორებინა, მაგალითად ბევრი შენიშვნა შრიფტებსა და მათ ზომებს ეხებოდა. ამასთანავე სხვა ბევრი ნიუანსიც იყო, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ინტერნეტბანკი საჭიროებდა დიზაინის განახლებას, მეტიც ახალი ინტერნეტბანკი ფაქტობრივად ნულიდან დაიწერა", — ამბობს საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის Product Owner, ალექს ინაიშვილი.

ეს ყველაფერი საქართველოს ბანკმა დიზაინ სისტემის დანერგვით დაიწყო. ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომელიც კომპანიამ დაისახა, ციფრულ პროდუქტებს შორის მსგავსება იყო. მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს ბანკის თითოეული პროდუქტი დიზაინით უნდა ჰგავდეს ერთმანეთს, რათა მათი ერთ ეკოსისტემაში მოქცევა მოხერხდეს და მომხმარებელთათვის უცხო არ იყოს, რაც შემდგომში მათ ახალი აპლიკაციებისა თუ განახლებული საიტების მარტივად ათვისებაშიც დაეხმარება.

რა ბენეფიტები აქვს დიზაინსისტემას და რატომ გახდა მისი დანერგვა აუცილებელი

დიზაინსისტემა ერთგვარი ბიბლიოთეკაა, რომელიც დიზაინისა თუ დეველოპმენტისათვის აუცილებელ ელემენტებს აერთიანებს და მათი გამოყენებით ხდება ახალი ციფრული პროდუქტების შემუშავებაც.

ამ ყველაფერს, საბოლოოდ, იმ შედეგამდე მივყავართ, რომ პროდუქტები მეტად ინტუიტიური ხდება მომხმარებელთათვის და თუ მაგალითად ინტერნეტბანკიდან მობილბანკში გადასვლა მოგვიწევს, იქ არ დაგვხვდება სხვა ღილაკები სხვა ვიზუალით, რომლებმაც შეიძლება დაგვაბნიოს ან სულაც, ვერ მივხვდეთ თუ როგორ სრულდება ესა თუ ის ოპერაცია, რადგან ინტერნეტბანკში სხვა ვიზუალზე გვქონდა თვალი მიჩვეული.

"კვლევების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ციფრულ პროდუქტებს ერთმანეთის მსგავსი ვიზუალი უნდა ჰქონოდა, რათა მომხმარებელთათვის მარტივი აღსაქმელი და გამოსაყენებელი ყოფილიყო. სწორედ ამისთვის შეიქმნა დიზაინ სისტემა", — მიშა ბადალოვი, UX დიზაინერი

დიზაინ სისტემა საქმეს დეველოპერებსაც უმარტივებს. ამ გზით შეიძლება თავიდან ავირიდოთ პრობლემები, რომლებმაც დეველოპმენტის პროცესში შეიძლება იჩინონ თავი.

ვინ მონაწილეობს პროდუქტის შექმნის პროცესში

ციფრული პროდუქტის შექმნის პროცესი მეტად საინტერესოა და მასში უამრავი სხვადასხვა კომპეტენციის ადამიანი იღებს მონაწილეობას. ერთ-ერთი საინტერესო რგოლი ამ პროცესში Center of excellence გახლავთ.

ალექს ინაიშვილი გვიხსნის, რომ Center of excellence-ში შედიან ადამიანები,რომლებიც დახელოვნებულნი არიან თავიან კომპეტენციებში.

"ახალი ინტერნეტბანკის შექმნის პროცესში მონაწილეობას ინტერნეტბანკის დეველოპერთა ჯგუფი და Center of excellence იღებდა. ამ უკანასკნელში შედიან მკვლევრები, დიზაინერები, პროდუქტის გამყიდველები და ა.შ.", — ალექს ინაიშვილი.

უსასრულო გზა განვითარებისაკენ

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, პროდუქტის განვითარების გზა ადამიანთა მოთხოვნებს უნდა მიყვებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბანკს გამართული და ფუნქციონალით დატვირთული ინტერნეტბანკი აქამდეც ჰქონდა, მისი განახლების აუცილებლობა მაინც დადგა.

"ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება და ჩვენ მუდამ გვსურს, რომ თანამედროვე სამყაროს ავუწყოთ ფეხი, დავნერგოთ ისეთი მიდგომები, რომლებიც დროსთან იქნება შესაბამისი", — ამბობს მიშა ტყავაძე, ციფრული კლასტერის Product Owner.

საქართველოს ბანკს აქვს საინტერესო და თანამედროვე რეალობისთვის რელევანტური მიდგომა, რომლის თანახმადაც თუნდაც კარგი პროდუქტი ყოველთვის საჭიროებს გაუმჯობესებასა და დახვეწას. ბრენდის მიღმა მდგომი თანამშრომლები კი მუდმივად აგროვებენ ინფორმაციას მომხმარებლებისაგან, ითვალისწინებენ მათ შენიშვნებსა და რჩევებს.

კომპანია მხოლოდ მომხარებელთა უკუკავშირს არ ეყრდნობა და კვლევებს ავტონომიურადაც აწარმოებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი მომხმარებელთან პირდაპირ, უშუალო კავშირში შედიან, უსვამენ კითხვებს და ინფორმაციას ამ სახით აგროვებენ.

"ფორდის მაგალითი რომ ავიღოთ, თუ კლიენტს კითხავ რა სჭირდება, გეტყვის რომ უფრო სწრაფი ცხენი უნდა, თუმცა რეალურად მას მანქანა სჭირდება", — ამბობს მიშა ტყავაძე.

მომხმარებელმა, რა თქმა უნდა, იცის თუ რა არ მოსწონს მას ან რისი შესწორება სურს საიტის ან აპლიკაციის დიზაინსა თუ ფუნქციონალში, თუმცა, ხშირად არის შემთხვევები, როცა გარკვეულ ფუნქციონალზე წარმოდგენა არ გვაქვს და მხოლოდ მასთან შეხების შემდეგ ვხდებით, თუ რაოდენ საჭირო იყო ის ჩვენთვის. საქართველოს ბანკში სწორედ ასეთი ფუნქციონალების პოვნასა და დანერგვას ახერხებს. ახალ ინტერნეტბანკში ეს კარგად ჩანს და ის განვითარებას აგრძელებს.