ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აცხადებს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შირის მოლაპარაკებების შედეგი უნდა იყოს შეთანხმება, რაც, თავისთავად, გამორიცხავს, რომ ერთმა მხარემ გაიმარჯვოს და მეორე დარჩეს ხელცარიელი. ასე ეხმაურება იგი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიცია "ცარიელი ხელებით არის დარჩენილი".

"ჩემთვის გაუგებარი იყო გუშინ, ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადება, რომ ბატონი ღარიბაშვილი ჩადის ბრიუსელში ხელსავსე და ოპოზიცია რჩება ხელცარიელი ქუჩაში. ეს ნამდვილად არ არის ის განცხადებები, რომელსაც ადგილი აქვს მედიაციის პროცესში და მაშინ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ გამოიძებნოს საერთო ენა.

მით უმეტეს, ეს განცხადება არის აბსურდული, მაშინ, როდესაც ჩვენი ევროპელი მეგობრების მოლოდინი არის სწორედ ის, რომ ამ პროცესის შედეგად შეთანხმება დაიდება, რაც, თავისთავად, გამორიცხავს იმას, რომ შეთანხმების შედეგად ერთი მხარე დარჩეს ხელსავსე და მეორე ხელცარიელი", — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

15 მარტს, ევროკავშრის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშილი ბრიუსელში "ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის", ხოლო ოპოზიციას "აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილი არიან ქუჩაში".

კრისტიან დანიელსონი არის შვედი დიპლომატი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელია ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში. იგი საქართველოში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც მიშელმა მხარეებს 6-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა და შესთავაზა მოლაპარაკებების გაგრძელება ამ პუნქტების ირგვლივ 15 მარტამდე, ანუ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში გამგზავრებამდე.

დანიელსონი უკვე მეოთხე დღეა მართავს შეხვედრებს როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის ლიდერებთან. იგი, ასევე, შეხვდა პრეზიდენტ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

14 მარტი იყო დანიელსონის ვიზიტის ბოლო დღე საქართველოში, თუმცა, გუშინ, პარტიებთან შეხვედრების შემდეგ, მან განაცხადა, რომ გამგზავრება ერთი დღით გადადო. მისი თქმით, იმედოვნებდა, რომ მხარეები მიაღწევდნენ შეთანხმებას, თუმცა რადგან ეს ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, რჩება საქართველოში.

დღეს დილით იგი კიდევ ერთხელ შეხვდა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ დანიელსონი საქართველოში დარჩება იქამდე, სანამ შეთანხმებას არ მიაღწევენ.

გაიგეთ მეტი: